„საქართველოს სომხური საზოგადოებრივი პლატფორმის“ პრეზიდენტის, გიორგი თუმასიანის განცხადების თანახმად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მთავარი არხის უცნობი ჟურნალისტის მხრიდან ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა დაადასტურა. “მთავარმა არხმა” სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტი მხოლოდ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.
თუმასიანმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2023 წლის 11 აპრილს ტელეკომპანიის “მთავარი არხის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამო მიმართა, რომელიც ქარტიის პირველ და მეხუთე პრინციპს არღვევს. ამავე მედიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს სანდო ინფორმაცია“.
სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე: სროლა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
მოგვიანებით, გიორგი თუმასიანმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უცნობ ჟურნალისტთან მიმართებაში ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა დაადასტურა.
საბჭოს პოზიცია შემდეგია:
„საბჭოს პოზიციის თანახმად, ჟურნალისტებმა პატივი არ სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღონ სანდო და ზუსტი ინფორმაცია. მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს კონფლიქტების გაშუქებისა და ინფორმაციის თარგმნისას, ყურადღება უნდა მიაქციოს ტერმინოლოგიის/ინფორმაციის სიზუსტეს. კონფლიქტის გაშუქებისას ჟურნალისტს სჭირდება ჩართული მხარეების ინფორმაცია, მათი მოსაზრებები და პოზიციები, დეტალები მიმართულებებისა და განლაგების შესახებ, რათა აუდიტორიას სრული სურათი წარუდგინოს. სადავო ჟურნალისტურ მასალაში არ ჩანს, რომ ჟურნალისტები ზემოაღნიშნულ ეთიკურ ვალდებულებას მიჰყვებოდნენ. აუდიტორიას უფლება აქვს სიახლეებთან დაკავშირებით იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია, რათა შეაფასოს ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობა. ამ შემთხვევაში მკითხველს დაბალანსებული ინფორმაცია არ მიუღია.”
თუმასიანმა Jnews-ს საქმის ვითარება და შედეგი დეტალურად უამბო.
„11 აპრილს მთავარ არხზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლი გახსნეს, მაგრამ სტატია მოიცავდა მხოლოდ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას და ზოგიერთი ირანული მედიის ცნობებს. ქარტია იზიარებს ჩემს მიდგომას – მასალა მხარეთა პოზიციებს არ აბალანსებს, მხოლოდ ერთი მხარის ოფიციალური ინფორმაციაა წარმოდგენილი, რომელიც მკითხველს არასრულ ინფორმაციას აწვდის და ქარტიის პირველ პრინციპს არღვევს.
გიორგი აღნიშნავს, რომ მთავარმა არხმა Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა რეპორტაჟი, სადაც ნათქვამია, რომ ყარაბაღში სროლები ისმოდა. ინციდენტი მართლაც მოხდა, მაგრამ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე, სოფელ ტეხში.
„პოლიტიკურად ან საზოგადოებრივი კუთხით თუ გავაანალიზებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კონტექსტში დაფარულია ფაქტი, რომ თავდასხმა არა ყარაბაღში, არამედ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხდა. ქარტიას მე-5 მუხლითაც მივმართე, რომლის მიხედვითაც, ცრუ ინფორმაცია უნდა შესწორდეს. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქმე გაურკვეველ ჟურნალისტს ეხება. უცნობია ვინ დაწერა ან გამოაქვეყნა ეს სტატია”.
გიორგი ხაზს უსვამს, რომ “მთავარ არხს” ქარტიის სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არ გამოუთქვამს მზადყოფნა გამოავლინოს იმ ჟურნალისტის ვინაობა, ვინც შეცდომა დაუშვა. არც მე-5 პრინციპის გათვალისწინებაზე უსაუბრიათ, რომლის მიხედვითაც, მედია ვალდებულია ცრუ და არაზუსტი ინფორმაცია გამოასწოროს. ყოველივე არ დაკმაყოფილებულა.
საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთ: გიორგი თუმასიანი: მთავარი არხის უცნობი ჟურნალოსტების საქმის გადაწყვეტილება