ლაშა არსენიძე, ლალი მოროშკინა, ემზარ კვიციანი, ირა გოგოსაშვილი – ადამიანები, რომლებიც საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე ანტისომხურ და არმენოფობიურ პუბლიკაციებს ავრცელებენ, რომლებიც სომხურ და ქართულ მედიაში ფართოდ გავრცელდა.
ყველაფერი 14 მაისს ლაშა არსენიძის ტიკ-ტოკ ვიდეოთი დაიწყო, რასაც 23 მაისს Alt-Info-ზე ლალი მოროშკინას გამოსვლა მოჰყვა. ქსენოფობიისა და სიძულვილის შემცველი განცხადებები საქართველოში ბოლო პერიოდში მომრავლდა.
ამ მხრივ გამორჩეულია Facebook-ის გვერდი „ლიდერი 41“, რომელიც, როგორც ჩანს, პარტია „ქართული ოცნების“ საკუთრებაა და 45 000-მდე მიმდევარი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ გვერდზე აფხაზეთში მცხოვრები სომხების წინააღმდეგ გავრცელდა განცხადება. საზოგადოების სხვადასხვა სექტორს ამაზე სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდა.
Jnews-თან ინტერვიუში საქართველოს სომხური საზოგადოებრივი პლატფორმის პრეზიდენტი გიორგი თუმასიანი მომხდარს განმარტავს.
აღნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არმენოფობიის ყველა შემთხვევას აკონტროლებდა და ამაზე რეაგირებდა. მისი თქმით, ამ უკანასკნელ შემთხვევებს შორის აშკარა მსგავსებაა. ეს ადამიანები ძირითადად პრორუსული პოლიტიკითა და პოზიციით განსხვავდებიან, მაგრამ ყველა მათგანს ხელისუფლებასთან არაფორმალური კავშირი აქვს. ტელეარხები “TV იმედი”, “ალტ-ინფო” და საზოგადოებრივი მაუწყებელი – “1TV”, რომლებიც ამ ინფორმაციას ავრცელებენ, არა მხოლოდ პრორუსული, არამედ სამთავრობო ტელეარხებიც არიან. მოვლენები პრორუსული ნარატივით ამიტომ აიხსნება.
როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? იქნება თუ არა მსგავსი მცდელობები მომავალშიც?
„სომხების სიძულვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია ყოველთვის ვრცელდებოდა. ეს თემა ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ მაისში მკვეთრი ზრდის გამო, მსგავს ქმედებებს მომავალშიც ველით. საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ევროპულ გზაზე უარი თქვა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უმცირესობების ინტერესების დაცვის გარანტია. იქმნება ნაციონალისტური და პრორუსული ძალები და რელიგიური თემებით სპეკულირებენ. არ დაგვავიწყდეს, რომ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა სომხურ ეკლესიას გრიგორიანული უწოდა. ამ შემთხვებაში მნიშვნელოვანია ვიყოთ ფრთხილად, თვალყური ვადევნოთ პროცესებს და შევეწინააღმდეგოთ მანიპულაციას. უნდა გვესმოდეს, რომ ორ ხალხს შორის დაძაბულობა მხოლოდ რუსული მხარისთვის არის მომგებიანი“.
როგორია ქართული საზოგადოების რეაქცია ამ პუბლიკაციებზე?
-ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სომხების მიმართ სიძულვილი ქართული საზოგადოებიდან არ მოდის. ეს ჰიბრიდული ომის მეთოდი კონფლიქტის შესაქმნელად გამოიყენება, რომელიც საქართველოს საზოგადოების და სომხების წინააღმდეგ არის მომართული
რას ურჩევდით სომხური თემის წარმომადგენლებს, როგორ მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში?
-უპირველეს ყოვლისა, არ ავყვეთ პროვოკაციას. როცა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება, პროვოკატორები აუცილებლად დაისჯებიან, რადგან ასეთი ნაბიჯები საქართველოს სახელმწიფოებრიობას და უსაფრთხოებას დიდ საფრთხეს უქმნის. უნდა შევინარჩუნოთ ძლიერი სომხურ-ქართული კავშირები, რადგან ეს ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში ყალიდებოდა და ძალიან ძლიერია. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ქვეყანას ევროპული მომავალი აქვს, რაც ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების გასაღებია. ძალიან ხშირად განათლების ნაკლებობაა სომეხთა მიმართ სიძულვილის გაჩენის მიზეზიც.
Jnews-ი თსუ-ს პროფესორს, სომხეთის საკითხებზე მომუშავე მეცნიერს, ეთნიკურ და რელიგიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელ ლეილა ჯეჯელავასაც ესაუბრა, რომელმაც, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ ყოველივე მიზანმიმართულად არ კეთდება.
„რეგიონში იმდენი ინტერესია თავმოყრილი, რომ გამორიცხული არ არის, გარკვეული ძალები, ჩვენი ისტორიული მტრისთვის, რუსეთისთვის, კავკასიაში დაკარგული ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდნენ. დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის გაანალიზებისას შეიძლება ითქვას, რომ მისი როლი ჩვენს რეგიონში თანდათან მცირდება და საჭიროა წინააღმდეგობის ახალი კვანძი, რათა რუსეთის გავლენები შემცირდეს. ფართოდ გავრცელებულ განცხადებებზე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ამ კონკრეტული პირების შინაგან კულტურასა და განათლების არქონაზე მიუთითებს”, – ამბობს იგი.
რაც შეეხება საქართველოში არმენოფობიის პრობლემას, ლეილა ჯეჯელავას თქმით, ათასობით წლის განმავლობაში ერთმანეთის გვერდი-გვრედ მცხოვრები ხალხი, სამწუხაროდ, ერთმანეთის ისტორიას, კულტურას და საჯარო ინფორმაციას არ იცნობს, რაც თავის მხრივ სხვადასხვა სტერეოტიპებს, ანტისომხურ განწყობებს ან ანტიქართულ იდეებს წარმოშობს. ამას იყენებენ ის ძალები, რომლებსაც რეგიონში თავიანთი ჰეგემონიის განმტკიცება სურთ.
„სინანულით ვაცხადებ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე აყვანილი, რომ სტერეოტიპები გამოირიცხოს. ამ ვითარებაში სომხეთსა და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებით კმაყოფილი ვარ, რადგან სტერეოტიპების გარეშე ცხოვრობენ და ურთიერთობენ“, – ამბობს ქართველი მეცნიერი ლეილა ჯეჯელავა.
Facebook-ზე ჯგუფის „სომხეთი და სომხები“ დამფუძნებელმა დავით გულიკიანმა პოსტი გამოაქვეყნა:
„როგორც ამ ჯგუფის შემქმნელს და სომხური თემის ერთ-ერთ წარმომადგენელს, მინდა გამოვეხმაურო მაისში დაგეგმილ ანტისახელმწიფოებრივ და ანტისომხურ კამპანიას. მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ აჰყვებით ამ დაგეგმილ პროვოკაციას. მათი მიზანია, ქართველებსა და სომხებს შორის დაპირისპირება გამწვავდეს. ყველაზე საშიში საყოფაცხოვრებო დონეზე დაპირისპირებაა. მივმართავ ყველა ორგანიზაციას, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს, რიგით მოქალაქეს, ყველას, ვისაც შეუძლია საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიწვდენა, გააფრთხილოს ისინი დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ და ერთმანეთს არ შევეწინააღმდეგოთ. შესაძლოა ეს პროვოკაციები ივნისში უფრო საშიში გზებით გაგრძელდეს. მოემზადეთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული საკითხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც დაინტერესდება“.