ხავეთი-დავნია-ერინჯას გზაზე სამშენებლო სამუშაოები ივნისში დაიწყო, რომლებთან ერთად ალტერნატიული გზა შენდება, რათა აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებს ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში მოხვედრის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ახლა მეწყერსაშიში უბნების გასწორების, დრენაჟის და გამაგრების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, მალე დაიწყება გზის ბეტონირება. ხავეთი-დავნია-ერინჯას გზის მშენებლობაზე სამუშაოებს საგზაო -სამშენებლო კომპანია “ჯავახავტოგზა” განახორციელებს.
ვინაიდან ხავეთი საზღვრისპირა სოფელია, ეს გზა ერთადერთია, რომელიც სოფელს ქალაქთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ, სოფლის იზოლაციის თავიდან აცილების მიზნით, გზის სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, ხავეთიდან კარწახამდე ალტერნატიული გზის გასწორება მიმდინარეობს.
ალტერნატიული გზა გაივლის ხავეთის მინდვრებს, შემდეგ ავა მთის წვერზე, შემდეგ შეუერთდება თურქეთის საგუშაგოსკენ მიმავალ გზას, ხოლო დავნიასა და ერინჯას შემთხვევაში გაუყვება გრუნტიან გზას, რომელიც მიწიანი გზის პარალელურად გადის.
Jnews-ი დაუკავშირდა სოფელ ხავეთიდან არჩეულ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ჰრაჩ მოვსესიანს.
„ხავეთიდან კარწახამდე ალტერნატიულ გზაზე მიმდინარეობს გზის გასწორება, რათა სოფლის მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდეს მთავარი გზის მშენებლობის დასრულებამდე. სოფელ დავნიასა და ერინჯაშიც გაჩნდება ალტერნატიული გზა. მთავარ გზაზე ბეტონის სამუშაოები მალე დაიწყება, ზუსტად როდის – ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, გზა სექტემბერში ჩაიკეტება“, – თქვა ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატმა ჰრაჩ მოვსესიანმა.
აღსანიშნავია, რომ მშენებარე გზის საერთო სიგრძე 5 კმ 500 მ-ია, საწყისი ღირებულება 2 619 220 ლარია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთი-დავნია-ერინჯაში გზის ბეტონის სამუშაოები მრავალწლიანი პროგრამაა და 2023 წელს მშენებლობისთვის 500 000 ლარი გამოიყო, საიდანაც 200 000 მაღალმთიანობის ფონდმა, 300 000 კი – ადგილობრივ ბიუჯეტმა.