შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ქვეყნის უმთავრეს პრობლემად უმუშევრობა ითვლება. ახალქალაქში, უმუშევრობასთან ერთად, ასევე შედის კორონავირუსი, უსაფრთხოება და მრავალი სხვა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტს შეადგენს. IRI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% პასუხობს, რომ ეს პრობლემა ეკონომიკას უკავშირდება და უმუშევრობას ასახელებს. გამოკითხულთა 17%-ის აზრით, ეს არის ცხოვრების ღირებულება და მაღალი ფასები. გამოკითხულთა 10%-ისთვის ეს არის სიღარიბე, 6%-სთის ეკონომიკა ზოგადად, ხოლო 4%-ისთვის კორონავირუსის პანდემია. ახალქალაქშიც ამ აზრს იზიარებენ.
თუმცა, უმუშევრობასთან ერთად, ახალქალაქის მოსახლეობა JNEWS- ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში სხვა პრობლემებსაც აღნიშნავდა. კვლევა ახალქალაქის 21 მაცხოვრებელს შორის ჩატარდა.
დიალოგი ქუჩაში
მოსაზრებების გამოსაკითხად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 4 მკვიდრს მივუახლოვდით. შეკითხვის შემდეგ, თუ რა არის საქართველოს მთავარი პრობლემა, დაიწყო დისკუსია.
– ბევრია პრობლემა. კონკრეტულად რომელი დავასახელო?
– კორონავირუსი- სრული სიცრუეა.
– არა, რატომ არის სიცრუე? ამ ეტაპზე სამუშაოდ ვერ მივდივართ საზღვარგარეთ.
– აგერ ოთხივე უსაქმურად ვზივართ, სამუშაო არ არის.
– განა არ შეიძლება, რომ პოლიცია უფრო ოპერატიულად მუშაობდეს?, – უეცრად გვკითხეს ჩვენ.
ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა მათთვის მომგებიანი, რომ პოლიცია უფრო გამკაცრდეს, პასუხი გაისმა:
– უთუოდ, პოლიცია უფრო მკაცრი რომ ყოფილიყო, ამ დღეებში რა ამბებიც დატრიალდა, არ მოხდებოდა.
ღია პასუხები
JNEWS-ის მიერ გამოკითხული 21 ადამიანიდან 15-მა უმსხვილეს პრობლემად უმუშევრობა დაასახელა. მეორე ადგილზე, ახალქალაქის მკვიდრებმა აღნიშნეს უსაფრთხოება – ეს არის პოლიციის არაკომპეტენტური მუშაობა – 5 ადამიანი. პასუხებს შორის, კორონავირუსი, უთანასწორობა, ბანკების მხრიდან დაუნდობელი პოლიტიკა – ძარცვის პოლიტიკა, ჩაკეტილი გზები, არასათანადო საგარეო პოლიტიკა და სასამართლო პროცესების ცუდი შედეგი, საქართველოს მთავარ პრობლემებადაა დასახელებული.
“ბევრია მთავარი პრობლემა, როგორც, მაგალითად, დაბალი ხელფასი, ინფლაცია, ცუდად მუშაობენ ძალოვანი სტრუქტურები, ჩვენ დაუცველები ვართ, თორემ სხვა მხრივ, ჩვენ ყველაზე კარგ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. კორონავირუსი არ გადაგვედო. სიტუაცია კორონავირუსის გამო გაუარესდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ მსოფლიოშია ასე”,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები.
გამოკითხულთა ზოგიერთის აზრით, პრობლემები ერთი მეორეს მიყოლებით გვარდება.
“საქართველოში ბევრი პრობლემაა. პირველი პრობლემა- ეს არასწორი მმართველობაა. არასწორია გარე პოლიტიკაც- თურქეთთან და აზერბაიჯანთან ეკონომიკური დაახლოვება და სომხეთთან და რუსეთთან თანამშრომლობაზე სურვილის არარსებობა. მესამე პრობლემა- ეს უმუშევრობაა. მოსახლეობა სამსახურის გარეშეა. ხოლო სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი, რომ პურის ფული იშოვოს. რადგან მშივრები რჩებიან. კორონავირუსი ვითარებას ვერ გააუმჯობესებდა, რადგან სიცოცხლეს გვართმევდა, საზღვრებს კეტავდა, ეკონომიკა დააზარალა, იმოქმედა მშპ-ზე, იმოქმედა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და ა.შ. ჯერჯერობით კარგი არაფერია, მერე კი ვნახოთ რა იქნება”,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები.
არა ერთი ქურდობის გაუხსნელ შემთხვევებთან, სროლებთან და არეულობასთან დაკავშირებულ უკანასკნელმა მოვლენებმა, მოსახლეობის ნეგატიური და ისედაც რთული დამოკიდებულება ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის მიმართ კიდევ უფრო გაამწვავა.
“საქართველოს მთავარი პრობლემა- დაუსჯელობაა, ის, რომ კანონი არ მოქმედებს. არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, პროკურატურა, და არ არის პოლიცია. კორონავირუსთან ერთად სიტუაცია არ შეცვლილა, აბსოლუტურად ვერავითარ ცვლილებას ვერ ვხედავ”,- ამბობს ახალქალაქის სხვა მცხოვრები.
ბევრი მცხოვრები თვლის, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად ეხმარება მოსახლეობას. თუმცა, უმეტესობას ეს დახმარება ამ რთულ დროში არასაკმარისად მიაჩნია.
“რეალურად, 200-300 ლარი ძალიან ცოტა რამით დაგვეხმარება. ბიზნესი შეჩერებულია. თუკი ადრე ყველაფერი ნორმალურად იყო, ახლა სიტუაცია ძალიან ცუდადაა”,- ამბობენ ახალქალაქის მცხოვრებლები.