სოფელ მარტუნში, ძველი ხიდის ადგილზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტმა 730 850 ლარი გამოყო. მშენებლობას ახორციელებს კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“. სამუშაოების დაწყების შემდეგ, სამშენებლო კომპანიის მოთხოვნით, პროექტში ცვლილებები შევიდა.
სოფელ მარტუნში ხიდის მშენებლობაზე ტენდერი მოიგო შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”-მა 708 925 ლარით, თავდაპირველი თანხა 730 850 ლარი შეადგინა.
კომპანიის დირექტორის ავთანდილ კაჭკაჭიშვილის თქმით, სამშენებლო მოედანზე ძირითადად ადგილობრივი მუშახელები არიან დასაქმებულნი. რეაბილიტაცია პროცესშია.
ამჟამად ძველი ხიდის დემონტაჟი ჩატარდა და ახლა ხიდის საძირკველის გამაგრების პროცესი მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით ხიდი ძველზე ოდნავ მაღალი იქნება, ხიდის სიგანე 3მ 10 სმ, სიგრძე კი 76 მეტრს შეადგენს. მარცხნივ, 1მ სიგანის საცალფეხო გზა იქნება. ხიდი განათებული იქნება.
მშენებლობის დაწყების შემდეგ პროექტის შემდგენმა, პროექტში ცვლილებები შეიტანა. ავთანდილ კაჭკაჭიშვილის თქმით, ამჟამად ბეტონირების სამუშაოები მიმდინარეობს და სამუშაოების დროს არანაირი პრობლემა არ ყოფილა.
„როცა დავიწყეთ მუშაობა, ადგილზე მივედით, გავარკვიეთ, კარგად დავათვალიერეთ, გამოვიძახეთ პროექტის შემდგენი და მან შეიტანა პროექტში ცვლილებები და საძირკველში ბეტონის მოცულობა გაზარდა“, – ამბობს ავთანდილ კაჭკაჭიშვილი.
ტენდერის მიხედვით, სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ ვადაში ჩაეტევიან.
სოფელ მარტუნში ხიდი 2016 წლიდან ავარიულ მდგომარეობაში იყო. მოსახლეობამ არაერთხელ უჩივლა და ადგილობრივ ხელისუფლებას ხიდის რეაბილიტაცია სთხოვა, რადგან ეს ერთადერთი გზაა სოფლის მცხოვრებლებისთვის. ბოლოს ხიდი 2009 წელს გარემონტდა, მაგრამ არა მთლიანად.
მშენებლობის დროს მარტუნელები დროებით ალტერნატიული, გრუნტის გზით ისარგებლებენ.