საქართველოსთან შედარებით, სომხეთში საშუალო ხელფასი 136 დოლარით, ხოლო რუსეთში 15 დოლარით მეტია. ამის შესახებ Numbeo იუწყება. ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით, რეგიონში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი სომხეთში ფიქსირდება – $623. მეორე ადგილზეა რუსეთი 502 დოლარით, ხოლო მესამეზე საქართველოა 487 დოლარით.
რეგიონის ექვს ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი ირანს და აზერბაიჯანს აქვთ, შესაბამისად 271 და 372 დოლარი. საქართველოს სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,7 პროცენტით (270,1 ლარით) გაიზარდა და 1716,6 ლარი შეადგინა. 2023 წლის პირველ კვარტალში ქალთა საშუალო ხელფასი 1375.7 ლარი იყო, ხოლო მამაკაცებისთვის 2053.4 ლარი.