დღეს, 8 აგვისტოს, სოფელ კოთელიაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ მელიქიძის ხსოვნას პატივი მიაგეს. 2008 წლის 6 აგვისტოს მოხალისედ წავიდა ომის ზონაში და 9 აგვისტოს დილით გორში დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.
გმირის ოჯახი ამჟამად თბილისში ცხოვრობს, მაგრამ სოფელს ყოველწლიურად სტუმრობს. დღეს, სოფლის ბორცვის წვერზე, სასაფლაოზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თბითმმართველობის წევრებმა, თამაზ მელიქიძის ოჯახმა, თანასოფლელებმა და სხვებმა პატივი მიაგეს იმ მებრძოლის ხსოვნას, რომელმაც 32 წლის ასაკში სიცოცხლე სამშობლოს შესწირა.
სიტყვით გამოსვლისას ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა თქვა:
„მოგეხსენებათ, ეს დღე ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი სახელმწიფოსთვის. გამოვხატავ პატივისცემას და მადლიერებას ჩვენს ყველა გმირის მიმართ, ვინც სიცოცხლე არ დაიშურა სამშობლოს დასაცავად, ნებისმიერი ერი აგრძელებს არსებობას, როცა ჰყავს ძლიერი ჯარი და ცდილობს მის დაცვას. როგორც ყოველ წელს, წელსაც ჩამოვედით კოთელიაში, თამაზი მეზობელი სოფლიდან იყო და პირადად ვიცნობდი, ყოველწლიურად ჩვენი მოვალეობაა მივიდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას და დავამტკიცოთ, რომ არაფერია დავიწყებული, არავინ არ არის დავიწყებული”.
გარდაცვლილის ოჯახს ახალქალაქში თამაზ მელიქიძის ძეგლის დადგმა სურს. ახალქალაქის მერმა დამსწრეებსა და მელიქიძეების ოჯახს მზა პროექტი გააცნო.
„ძეგლზე კონკურსი გამოცხადდა, ვერ გეტყვით რა მიზეზების გამო, მაგრამ მონაწილეები არ იყვნენ. დღეს სოფლის მოსახლეობას ვაჩვენეთ, რომ პროექტი მზადაა და მეორედ ვაპირებთ ტენდერის გამოცხადებას, მალე ყველაფერი მზად იქნება და გახსნის ცერემონიასაც ოფიციალურად გამოვაცხადებთ“, – Jnews-სთან საუბარში თქვა მელქონ მაკარიანმა.
თამაზ მელიქიძე 1976 წელს სოფელ კოთელიაში დაიბადა და სოფლის საშუალო სკოლაში სწავლობდა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ საკონტრაქტო სამსახურში შევიდა. დაიღუპა 2008 წლის 9 აგვისტოს დილით გორში დაბომბვის შედეგად.