ახალქალაქში ბოლო ზართან დაკავშირებული ტრადიციად ქცეული საზეიმო ღონისძიებები არ შედგა. 2020 წლის სკოლადამთავრებულები ბოლო ზართან დაკავშირებით ვერაფერს გაიხსენებენ, რადგან ის არ ყოფილა. ბოლო ზარი, რომელზეც სკოლადამთავრებულები ოცნებობდნენ, კორონავირუსის გამო სოციალურ ქსელებში გადაიტანეს. გულისამაჩუყებელი პოსტები, მოლოცვები, ძველი სასკოლო ფოტოები…
ჟანნამ და მისმა თანაკლასელებმა ადრეული ასაკიდან გადაწყვიტეს, რომ მათი ბოლო ზარი 20.05.2020 წელს შედგება, რათა ე.წ. დაუვიწყარი «გოლდ» წელი ყოფილიყო მათთვის. სხვა დანარჩენების მზგავსად, ჟანნამაც აღნიშნა «ბოლო ზარი» Facebook-ის სოციალურ ქსელში. მან გამოაქვეყნა პოსტი და ბევრი ონლაინ-მოლოცვა და სტიკერი მიიღო.
«სკოლა. ამ სიტყვის გაგონებაზე გვახსენდება სკოლა, კლასი, თანაკლასელები…
დღეს დასრულდა კიდევ ერთი თაობის სასკოლო ცხოვრება, მაგრამ თითქოს ამის შესაცებ არავის გაეგოს. თითქოს? მმმ… უკაცრავად, რა თქმა უნდა არავინ არ იცოდა. ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ამან არაფერი შეცვალა.
ჩვენ ეს დღე- 20.05.2020 არ გვქონია, ჩვენ არ გვქონია ბოლო ზარი, ბოლო გაკვეთილი, და საბოლოოდ ჩვენ ვერ ვიგრძენით რას ნიშნავს სკოლასთან დამშვიდობება.
თითქოს მომავალშიც მომიწევს სკოლაში სიარული…
ჩვენ საყვარელ კლასის ხელმძღვანელს ვერ ვუთხარით ის სიტყვები, რომლებიც გულში გვქონდა, ის შორიდან აღელვებით გვიცქერიდა ჩვენ. მადლიერების გამომხატველი სიტყვები ვერ ვუთხარით იმ ადამიანებს, ვინც გვასწავლიდა- მასწავლებლებს…»,- Facebook გვერდზე დაწერა ახალქალაქის რაიონის სოფელი კულიკამის საჯარო სკოლის სკოლადამთავრებულმა ჟანნა ჩოგანდარიანმა.
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში საგანაგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია ყველანაირი შეკრება და ღონისძიება. ჰასმიკს ბოლო ზარის ასეთი ვარიანტი ფიქრადაც არ მოსვლია. ახალქალაქის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე იმედგაცრუებულია.
ჩვენ ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა. სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ მე-12 კლასამდე უნდა მივიდე, რომ ბოლო ზარი აღვნიშნო. მე-10-11 კლასებში უკვე გადაწყვეტილი გვქონდა თუ რას გავაკეთებდით, თუმცა კორონავირუსის გამო ჩვენი ბოლო ზარი ვერ შედგა. ამან როგორც ჩემზე, ასევე ჩემს თანაკლასელებზე იმოქმედა, ეს დიდი იმედგაცრუებაა. ახლა აღარაფერს ვაკეთებთ. ღონისძიებისათვის კაბები შევუკვეთეთ, უკვე მზად იყო, ვალსს ვსწავლობდით, რომელიც ოთხი მეცადინეობის შემდეგ ნახევრზე დავტოვეთ»,- ყვება სკოლადამთავრებული ჰასმიკ ავაგიანი.
ის მაინც არ კარგავს იმედს და ფიქრობს, რომ პატარა გამოსაშვები საღამო მაინც ექნებათ.
«ახლა ბოლო ზარის მსგავსი რაღაცის გაკეთებას ვგეგმავთ. როგორც მასწავლებლები ამბობენ, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ შესაძლებელი იყოს რაიმე ღონისძიების დაგეგმვა»,- ამატებს ჰასმიკი.
«მე ორი უმფროსი და მყავს, მათი ბოლო ზარის ღონისძიებების შემყურე, ჩემს თავს წარმოვიდგენდი ხოლმე. მოკლედ რომ ვთქვა- სკოლა, მორთული დარბაზი, ყვავილები, მუსიკა-სიმღერა, დამშვიდობების სიტყვები. სამწუხაროდ, ჩამონათვალიდან არაფერი არ მოხდა. ახლა ცოტა რთულია იმ სიტუაციის აღწერა, თუ რას ვგეგმავდი 12 წლის განმავლობაში და როგორ მინდოდა ამ მომენტების განცდა, მაგრამ უცბად ეს ყველაფერი გაუქმდა, რადგან კორონა მოვიდა, რთულია»,- გაგვიმხილა ახალქალაქის რუბენ ტერ მინასიანის სახელობის №5 საჯარო სკოლის მოსწავლემ იანა აკობიანმა.
იანა და მისი კლასელები საყვარელ კლასის ხელმძღვანელს ესტუმრნენ.
«მე №5 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს სკოლაში ნაკლები მოსწავლეა. კლასში ხუთნი ვართ, ჩვენ კლასის ხელმძღვანელს ვესტუმრეთ. იქ ვისაუბრეთ, გავიხსენეთ სკოლა, ვიცინეთ და აშხენ მასწავლებლის რჩევები მოვისმინეთ. ამის შემდეგ სახლებში დავიშალეთ, რათა 9 საათის შემდეგ ქუჩაში არ ვყოფილიყავით, ზუსტად ასე ჩაიარა ჩვენმა ბოლო ზარმა»,- ამატებს სკოლადამთავრებული იანა აკობიანი.
მნიშვნელოვან და დიდი ხნის ნანატრ დღეს ლიკაც ჩაშლილად თვლის. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს იმედი ჰქონდა, რომ თუნდაც პირბადეებში ჩაატარებდნენ ბოლო ზარს, მაგრამ ასეც აკრძალეს.
«ჩვენ აუცილებლად დავგეგმავთ გამოსაშვებ საღამოს, შევიკრიბებით მთელი კლასით, მაგრამ ახლა არა. დაველოდებით, რომ არ დაგვაჯარიმონ. შეზღუდვები ცოტათი მაინც შემსუბუქდება, სადღესასწაულო დარბაზები გაიხსნება. მაგრამ, რადგან დღეს ჩვენი ბოლო ზარია, ეს დღე შეუმჩნევლად ვერ დავტოვეთ- ჩვენ შევიკრიბეთ კლასით და ცაში ბუშტები ავუშვით. ეს დღე თანაკლასელების წრეში გავატარეთ. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები და მოწყენილები ვიყავით, რადგან გვესმოდა, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ ველოდით, რომ ჩვენთვის რაღაცას მაინც გაამარტივებდნენ. თუნდაც პირბადეებში და სოციალური დისტანციის დაცვით- მაგრამ არაფერი არ მოხდა. თქვეს, რომ ყველა ტიპის ღინისძიებაა აკრძალული. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა»,- თქვა ლიკა მანასიანმა.