საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ამერიკიდან შემოყვანილი ექსპორტი და რეექსპორტი 1-ელი აგვისტოდან აიკრძალა, ხოლო ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი კი 26 სექტემბრიდან შეიზღუდება, – ამის შესახებ bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს და აღნიშნეს, რომ ცვლილება სანქციების უახლესი პაკეტის ძალაში შესვლას უკავშირდება.

აშშ-ს და ევრიკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად:

“1-ლი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში.

ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი.”– აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

Bm.ge-იმ დამაზუსტებელი კითხვებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, საიდანაც პასუხს მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ. 

რაც შეეხება აქამდე არსებულ ინფორმაციას, 13 ივლისს, შემოსავლების სამსახურმა bm.ge-ის წერილობით აცნობა, რომ 25 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებელი იქნებოდა იმ ავტომობილების ექსპორტზე გატანა, რომელთა გატანაზეც ხელშეკრულება 25 ივნისამდე გაფორმდა, რასაც სანქციების მეთერთმეტე პაკეტი ითვალისწინებდა:

“რაც შეეხება, მე-11 პაკეტით განსაზღვრულ ცვლილებას, რომელშიც მოცემულია 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების რუსეთის ფედერაციაში შეყვანის შეზღუდვა გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით, ევროსაბჭოს ოფიციალურ საიტზე EU No 833/2014 კონსოლიდირებულ ვერსიაში ამ დრომდე არ არის ასახული. ამასთან, ცვლილება არ შეეხება ყიდვა-გაყიდვას იმ ავტომობილებისა, რომლებზეც არსებობს 25 ივნისამდე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის აღსრულებაც 25 სექტემბრამდე განხორციელდება,”- აღნიშნული იყო შემოსავლების სამსახურის პასუხში.

შეგახსენებთ, მსუბუქი ავტომობილები რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში სულ 3,786 ცალი ავტომობილი გავიდა, რომელთა ღირებულებაც 53 მილიონი დოლარი იყო. ექსპორტი წლიურად 274%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის 6 თვის მდგომარეობით ავტოექსპორტი ასე ნაწილდება:

1) ყირგიზეთი – $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 5,840, ერთის საშუალო ფასი $40.4 ათასი, ზრდის ტემპი 1673%
2) ყაზახეთი – $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 13,916, ერთის საშუალო ფასი $17 ათასი, ზრდის ტემპი 694%
3) აზერბაიჯანი – $226 მლნ, მანქანების რაოდენობა 14,206, ერთის საშუალო ფასი $16 ათასი, ზრდის ტემპი 75%
4) სომხეთი – $185 მლნ, მანქანების რაოდენობა 10,235, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი, ზრდის ტემპი 1159%
5) რუსეთი – $53 მლნ, მანქანების რაოდენობა 3,786, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი, ზრდის ტემპი 274%
6) ტაჯიკეთი – $16 მლნ, მანქანების რაოდენობა 1,435, ერთის საშუალო ფასი $11 ათასი, ზრდის ტემპი 307%
7) ბელგია – $11 მლნ, მანქანების რაოდენობა 232, ერთის საშუალო ფასი $48 ათასი, კლება წინა წელთან -24%
8) უკრაინა – $7 მლნ, მანქანების რაოდენობა 519, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი, კლება წინა წელთან -78%
9) არაბთაგაერთიანებულისაამიროები – $6 მლნ, მანქანების რაოდენობა 86, ერთის საშუალო ფასი $75 ათასი, ზრდის ტემპი 6%
10) თურქეთი – $4 მლნ, მანქანების რაოდენობა 219, ერთის საშუალო ფასი $20 ათასი, ზრდის ტემპი 234%.

bm.ge