ავტორი სტატიის დასაწყისში აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში განუხრელად მატულობს რუსეთისა და ირანის გავლენა. მოსკოვი თავის აგრესიულ ხასიათს ავლენს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართაც. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ირანის გავლენა და რუსეთის აგრესიული ექსპანსია შეჩერდეს? ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთსა (და მის მომიჯნავე რეგიონებში), რუსეთთან და ირანთან ახლოს, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს. „ამ მიზნების მისაღწევად აშშ-სთვის საქართველო იდეალურ ადგილს წარმოადგენს“, – წერს ავტორი.
„ცივი ომის დროს საქართველო ერთადერთი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რომელიც ნატო-ს წევრ სახელმწიფოს – თურქეთს ესაზღვრებოდა. სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, საბჭოთა სამხედრო სარდლობამ საქართველოს ტერიტორიაზე რთული სამხედრო ინფრასტრუქტურა შექმნა: სამხედრო ბაზები, სასწავლო ცენტრები, აეროდრომები და მიწისქვეშა ქალაქებიც კი – ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად და მეორე მხრივ – შეტევითი ოპერაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველსაყოფად.
უკანასკნელ წლებში, აშშ-ის მხარდაჭერით, თბილისმა საკმაოდ მნიშვნელოვანი სახსრები დახარჯა ჰოსპიტლების, სამხედრო ბაზებისა და აეროპორტების რემონტზე. ახალი ინფრასტრუქტურა შეიძლება არამხოლოდ ქართული სამხედრომოსამსახურეებისთვის იქნეს გამოყენებული, არამედ ნატოს ჯარებისთვისაც, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში იმყოფებიან. მაგალითისათვის შეიძლება გავიხსენოთ საქართველოს მონაწილეობა ერაყში და ავღანეთში მყოფი ნატოს სამხედრო კონტინგენტის ოპერაციების უზრუნველყოფის საქმეში.
საქართველოს მდებარეობისა და არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია უფრო მეტი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, როგორც აშშ-ს ძალისხმევაში ირანის გავლენის შეზღუდვის მიზნით ახლო აღმოსავლეთში, ასევე რუსეთის საფრთხე-მუქარების შესაკავებლად – სამხრეთ კავკასიაში.
უფრო მეტიც – რადგან ბოლო დროს, ვაშინგტონ-ანკარის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს დაშორდა, თურქეთში არსებული ინჯირლიყის სამხედრო ბაზა მუდმივი დავის საგანი გახდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო საშუალებაა ბაზის ლოკაციის შეცვლა. საქართველოს ამ მიზნით შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ავიაბაზის ასაშენებლად პოტენციურ ადგილად თავისი სამხედრო-საჰაერო ბაზა შესთავაზოს, რომელიც ვაზიანში მდებარეობს და ყოფილ საბჭოთა ბაზას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არ აქვს განზრახული საქართველოს გადასცეს განსაზღვრული საშუალებები და იარაღი, ვაშინგტონს მაინც შეუძლია იმდენი ძალის თავმოყრა, რომელსაც ორივე რეგიონში აშშ-ს გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა ექნება.
ვაშინგტონს იმავდროულად შეუძლია განიხილოს ექსპერტ ლიუკ კოფის წინადადება საქართველოში აშშ-ს ჯარების განლაგებაზე, რადგან პენტაგონს სირიიდან და ერაყიდან მათი გაყვანა აქვს განზრახული. ახალქალაქის სტრატეგიული მდებარეობისა და სირია-ერაყთან მისი სიახლოვის გათვალისწინებით (კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზაა საქართველოში, რომელიც სირიის ქალაქ რაქადან 460 მილის მოშორებით მდებარეობს), ეს იდეალური ადგილია სწრაფი რეაგირების ამერიკული კონტინგენტის განსათავსებლად – იმ შემთხვევისთვის, თუ ტერორისტული „დაიში“ („ისლამური სახელმწიფო“) კვლავ აღორძინდება, ან ახლო აღმოსავლეთში სხვა რაიმე კონფლიქტი თუ წარმოიქმნება.
საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების დამატებითი მომგებიანობა იმაშიც გამოიხატება, რომ სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსი შეიცვლება. ეს საშუალებას მისცემს სომხეთს უფრო მეტად განამტკიცოს კავშირები აშშ-სთან, ასევე შეცვალოს თავისი სტრატეგიული საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია. საქართველოში აშშ-ს ბაზის განთავსება ხელს შეუწყობს ერევნის დამოკიდებულების შემცირებას რუსეთის სამხედრო ძლიერებაზე და ახალ იმპულსს მისცემს სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის დარეგულირებას, გამოაცოცხლებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციულ ძალისხმევას.
როგორც ცნობილია, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც ებრძვის რესპუბლიკის პრორუსულ კორუმპირებულ ისტებლიშმენტს, საკმაოდ აშკარად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ იზრდება სომხეთის პოტენციალი მისი სტრატეგიული ორიენტაციის შესაცვლელად დასავლეთის მიმართულებით.
აშშ-ის სამხედრო ბაზის საქართველოში გადმოტანას, ასევე, შეუძლია დახმარების გაწევა აზერბაიჯან-აშშ-ს ურთიერთობის აღდგენის საკითხშიც: 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, აზერბაიჯანმა თავი დაუცველად იგრძნო და ამიტომ რუსეთთან ახლო ურთიერთობა არჩია. ამერიკული ბაზა ქართულ მიწაზე, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ამერიკულ-აზერბაიჯანულ თანამშრომლობას, მეორე მხრივ კი, ბაქოს რწმენა განუმტკიცდება იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომლებიც მოსკოვისგან მომდინარეობს.
ვაშინგტონელი სკეპტიკოსები შეიძლება შეშფოთდნენ და განაცხადონ, რომ აშშ-ს ბაზა საქართველოში რუსეთისა და აშშ-ის შეტაკების რისკს გაზრდისო. მათ შეუძლიათ თქვან, რომ რუსეთს უფრო მეტი ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს და რომ მოსკოვი ყოველთვის შეეცდება სიტუაცია გაუმწვავოს ვაშინგტონს საქართველოს ირგვლივ ყოველ კონფლიქტში. მაგრამ აშშ-ს ჯარები უფრო ძლიერნი არიან, მათ უფრო უკეთესი აღჭურვილობა აქვთ, ვიდრე რუსებს. თუ გავითვალისწინებთ აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო და ეკონომიკურ უპირატესობას, მაშინ რუსეთს უფრო ნაკლები შანსები ექნება ამერიკასთან ომი საქართველოში სამხედრო ბაზის გამო დაიწყოს.
ცივი ომის დროს ევროპაში აშშ-ს მძლავრი სამხედრო ძალების ყოფნა საბჭოთა კავშირისთვის შემაკავებელ როლს ასრულებდა. და თუ კავკასიაშიც იქნება ამერიკის სამხედრო ძალები, ეს ბევრად უფრო სუსტი რუსეთისთვის სამომავლოდ იგივე ფაქტორის როლს შეასრულებს, – ასეთი დასკვნაა გაკეთებული პუბლიკაციის დასასრულს.
ფოფხაძის იდეაში ახალი არაფერია. კვლევითი ცენტრ Heritage Foundation- ის ანალიტიკოსი ლუკ კოფი ვაშინგტონს, როცა ის სირიასა და ერაყში თავისი სამხედრო კონტიგენტის შემცირებას გეგმავდა, ურჩევდა, აშშ-ს სამხედრო ბაზები საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში განეთავსებინა. ეს საბჭოთა პერიოდის კიდევ ერთი ბაზაა, რომელსაც ექსპერტმა იდეალური ადგილი უწოდა აშშ-ს შეიარაღებული ძალების განსათავსებლად, “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან ბირთვული საფრთხის გაზრდის შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისთვის (ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში), ან ახლო აღმოსავლეთში სხვა კონფლიქტების წარმოქმნის შემთხვევაში.
საქართველო ამჟამად გაცილებით საიმედოა ვიდრე ერაყი, – მიაჩნია კოფის.
მისივე თქმით, ახალქალაქის ბაზის გამოყენება ასევე, შესაძლებელია “რუსეთის შეკავების” მიზნით.