მეზობელ ასპინძის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზი პირუტყვსა და ხალხში სულ უფრო და უფრო მატულობს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პირუტყვს შორის საეჭვო დაავადებაზე პრეტენზია არ ყოფილა, ხოლო ერთ მოქალაქეს, რომელმაც ბრუცელოზის ეჭვით მიმართა ექიმებს, დაავადება არ დაუდასტურდა.
მეზობელ ასპინძის მუნიციპალიტეტში უკვე ორი თვეა ბრუცელოზი ვრცელდება. მუნიციპალიტეტში პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა. ამ დროისთვის ასპინძის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზი დაფიქსირდა 111 მსხვილფეხა რქოსან და 18 წვრილფეხა რქოსანში. ბრუცელოზით ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც დაინფიცირდა, დაავადება 34 ადამიანს დაუდასტურდა.
გუშინ, 27 ივლისს, ბრუცელოზზე ეჭვით ექიმებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილას მცხოვრები მივიდა, დღეს კი, ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ, დაავადება არ დადასტურდა, შედეგი უარყოფითი იყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სურსათის სააგენტოს სამხარეო სამმართველოს ინფორმაციით, ბრუცელოზით ინფიცირების შემთხვევა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს შორის არ დაფიქსირებულა, ასპინძის მუნიციპალიტეტში კი 129 შემთხვევაა დაფიქსირებული.
სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსი, ლია ბექაური Jnews-თან საუბარში ამბობს, რომ პირუტყვში ბრუცელოზის ეჭვის შემთხვევაში მეპატრონეებმა უნდა მიმართონ.
„თუ ფერმერი ეჭვობს, აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეს, თუ ეჭვი შეგვეპარება, დავიწყებთ მოქმედებას. თუ ეჭვი შეგვეპარება, ცხოველს სისხლს ავუღებთ და ლაბორატორიაში შევამოწმებთ. თუ თუ დასკვნა გვექმება, რომ ცხოველი არის ბრუცელოზით დაავადებული ეს ცხოველი უნდა დაიკლას სასაკლაოში, სანიტარიული უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით“, – თქვა ლია ბექაურმა.
სურსათის სააგენტოს სამხარეო სამმართველოს ახალქალაქის განყოფილებიდან თქვეს, რომ ყველის ქარხნებში გეგმიური ინსპექტირება მიმდინარეობს, ინსპექტირებას ახორციელებენ თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები. თუმცა, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ყველის წარმოებას ბევრი კერძო პირი ახორციელებს, რომელთა პროდუქცია არანაირ შემოწმებას არ ექვემდებარება.
მწარმოებელი პასუხისმგებელია სამომხმარებლო ბაზარზე გაყიდული სურსათის უსაფრთხოებაზე, ხოლო სახელმწიფო აკონტროლებს რეალიზაციის და წარმოების პროცესის უსაფრთხოებას.
ბევრს აინტერესებს საშიშია თუ არა ბრუცელოზით დაავადებული ცხოველის ხორცი. ლია ბექაური ამბობს, რომ ბრუცელოზზე დადებითად გამოვლენილი ცხოველის ხორცი სასაკლაოდან გამოდის.
„გამონაკლისია შინაგანი ორგანოები, ყელი, თავი და კანი, რომლებიც ნადგურდება, დანარჩენი ხორცის მოხმარება შესაძლებელია, მთავარია ცხოველი სასაკლაოზე იკვლება. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას წყვეტს ვეტერინარი, რომელიც აკვირდება პირუტყვს“, – ამატებს ლია ბექაური.
ბრუცელოზი ინფექციური დაავადებაა. ძროხებში ბრუცელოზის ძირითადი და ყველაზე აშკარა სიმპტომებია
– აბორტები
– მკვდარი ხბოს დაბადება.
ზოგიერთ შემთხვევაში, გარეგანი სიმპტომი შეიძლება იყოს ბურსიტის წარმოქმნა ძროხის ფეხებზე, ასევე აბსცესის ანთება და ჰიგირომები უკანა ფეხებზე.
ბრუცელოზი ლატენტური დაავადებაა, რომელიც ყოველგვარი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. სიმპტომების არარსებობა იწვევს იმ ფაქტს, რომ უკიდურესად რთულია დაავადების იდენტიფიცირება განვითარების ადრეულ ეტაპებზე.
ბრუცელოზი ადამიანზე გადადის ავადმყოფი ცხოველებისგან. ადამიანებში დაავადება აზიანებს ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა და ძვლოვან-სახსროვან სისტემებს. ინფექცია ადამიანებს გადაეცემა ცხოველთა ხორცის ან რძის მოხმარებით, აგრეთვე მათთან ახლო კონტაქტით.
ბრუცელოზის პირველი ნიშნები ადამიანებში შეიძლება გრიპის მსგავსი იყოს. პაციენტი უჩივის თავის ტკივილს, სახსრების ტკივილს, სისუსტეს, ცხელებას. ასევე აღინიშნება მადის დაკარგვა, შემცივნება, მუცლის ტკივილი, შენელება, პერიოდულად ტემპერატურის მატება, წონის დაკლება.
ბრუცელოზის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, მის სიმძიმესა და გართულებებზე, პაციენტის ასაკზე. მკურნალობის ვარიანტები მრავალფეროვანია. ისინი ინდივიდუალურად თითოეულ შემთხვევაში გამოირჩევა.