ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაჩაღებულია თივის დამუშავების სეზონი. წელს მუნიციპალიტეტში ბევრი თივაა, მაგრამ თივის შესაკრავი ძაფი და დიზელის საწვავი გაძვირდა, რის გამოც თივის ფასმაც მოიმატა. დღეს ერთი ტუკი თივა საშუალოდ 10 ლარი ღირს, რაც მცირე ფერმერების თქმით, ძალიან ძვირია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფერმერები ზამთრისთვის თივას იმარაგებენ. წლეულს წვიმიანი ამინდის შედეგად მუნიციპალიტეტში ბევრი თივაა, თუმცა ფასი მაინც არ იკლებს, პირიქით გაიზარდა.
სოფელ ალათუმანში მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობით არის დაკავებული. მსხვილი ფერმერი სურიკ კარაპეტიანი ალათუმანში ცხოვრობს, მას აქვს დიდი ფერმა – 300 ძროხა და 1000 სული ცხვარი. მისი თქმით, თივის ფასი წლეულს შარშანდელზე ორჯერ მეტია, თუმცა მომსახურება გაძვირდა.
„ფასი თითქმის იგივეა რაც შარშან, წელსაც მყიდველი ცოტაა, ჩვენს სოფელში სოფლის მცხოვრებთა 90%-ს აქვს საკუთარი თივა, შარშან 30%-ს ჰქონდა. ერთი კანისტრა საწვავით 500 ტუკის მოკრეფა შეიძლება, ერთი კანისტრა საწვავი მაშინ 30 ლარი ღირდა, ახლა 70-90 ლარი”, – ამბობს სურიკ კარაპეტიანი.
სოფელ ოკამშიც ბევრია თივა. მოსახლეობის თქმით, თივის ერთი ტუკი 8-დან 10 ლარამდე ღირს, თუმცა სოფლის მოსახლეობა ფიქრობს, რომ თივის ფასი აგვისტოს ბოლომდე საბოლოოდ დადგინდება.
“ფასები ჯერ არ არის განსაზღვრული, მაშინ როცა ყველა თივის დამუშავებითაა დაკავებული. წელს თივა ბევრია, მყიდველი არ არის, ყველას აქვს საკმარისი თავისი მეურნეობისთვის”, – თქვა მუნიციპალიტეტის მერის სოფელ ოკამის ტერიტორიული ოლქის წარმომადგენელმა სოსო ბალახაძემ.
სოფელ გოგაშნის მკვიდრი ზაზა ნათენაძე ამბობს, რომ სოფელში დღეს ერთი ტუკი თივა 10 ლარი ღირს, თუმცა შემოდგომაზე რა ფასი ექნება, ვერ იტყვის.
ატომ ოგმრციანი სოფელ კარწახიდანაა, დიდი ფერმა აქვს.
„თივა 10 ლარი ღირს, წელს მართლაც ბევრი თივაა, ამინდი იყო ხელსაყრელი, მაგრამ დღეს ძაფები, დიზელის საწვავი და სათადარიგო ნაწილები ისე გაძვირდა, რომ 10 ლარი იაფი გამოდის“, – ამბობს ატომ ოგმრციანი.
სოფელ ხოსპიოდან მარინა ამბობს, რომ თივას 8 ლარად ყიდიან, მყიდველი არ არის.
“შარშან 1 ტუკის გაკეთებას 70 თეთრი სჭირდებოდა, დღეს 1,20 ლარი ღირს, ყველას თავისი თივა აქვს, საკმარისია, 8 ლარად ვყიდი, მყიდველი არ არის”, – ამბობს მარინა.
თუმცა, ხოსპიოს კიდევ ერთი მცხოვრები, რომელიც რძეს ყიდის, ამბობს, რომ ხოსპიოში თივა უფრო ძვირია, ვიდრე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, რამაც შესაძლოა რძის ფასი გაზარდოს.
“თივის გადასატანად მანქანა 3 რეისზე 500 ლარს იღებს, ტუკის გადასატანად 10 ლარი უნდა გადაიხადო, მე მაქვს 330 ტუკი, ვერ გადავიხდი, რძის ფასის აწევა მომიწევს“, – ამბობს ჯულიეტა კოჟორიძე.