რძის პროდუქტებზე ფასები უკვე რამდენიმე თვეა მუდმივად იზრდება. ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა მიქაძის თქმით, ბაზარზე ნედლი რძის დეფიციტია, ამიტომ ყველსა და სხვა რძის პროდუქტებზე ფასები იმატეს.
მისი განმარტებით, რძის დეფიციტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ძალიან მალე საქართველო შესაძლოა რძის გარეშე დარჩეს.
„პანდემიის დროს რძის დეფიციტი იყო და ახლა მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება. პანდემიისას მეცხოველეთათვის საკვები გაძვირდა, რადგან ქერსა და ხორბალზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. რამდენიმე მსხვილი რძის ფერმა არსებობს, მაგრამ ისინი ბაზარზე ამინდს არ ქმნიან“, – განაცხადა ასოციაციის თავჯდომარემ.
დეფიციტის გამო ადგილობრივი ბაზარი რძის ფხვნილმა და სხვადასხვა ნაკლებად ცნობილმა იმპორტირებულმა რძემ მოიცვა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რძესა და რძის პროდუქტებზე ფასები კიდევ გაიზრდება.
„ძალიან მალე შეიძლება საკუთარი რძე აღარ გვქონდეს. ნედლ რძეზე მოთხოვნის მხოლოდ 30%-ს ვაკმაყოფილებდით და ახლა ეს მაჩვენებელი ალბათ განახევრებულია, ისიც საუკეთესო შემთხვევაში“, – განაცხადა ანა მიქაძემ.
მისი თქმით, გამოსავალი მხოლოდ ერთია – სხვა ქვეყნების მსგავსად, მეცხოველეობის პროგრამების რეალიზება.
„სახელმწიფომ და ამ დარგის ყველა ექსპერტმა იცის, რომ ეს აუცილებელია. წლებია ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა. საჭიროა სახელმწიფოს მიერ მაღალი ხარისხის აღჭურვილობის იმპორტი და რძის მწარმოებლებს შორის განაწილება – 50%-ს ფერმერი იხდის, 50%-ს კი სახელმწიფო. ასე ბევრ ქვეყანაში მოხდა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. მაღალეფექტური რძის წარმოება არასდროს გვქონია და ან ნაბიჯებს ახლა თუ გადავდგამთ, ძალიან მალე იმპორტზეც გადავალთ“, – განმარტავს ანა მიქაძე.
საქართველოს სტატისტიკის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მესამედში საქართველოში 165 მილიონი ლიტრი რძე აწარმოეს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წარმოება 6,3%-ით შემცირდა.
რძის პროდუქტების ღირებულება თითქმის 40%-ით გაიზარდა.