ჯავახეთში პირუტყვის მასობრივი დაღუპვის პირველი შემთხვევა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში დაფიქსირდა. მაშინ 16 ძროხა მოკვდა, კიდევ 30 პირუტყვი სოფლის მოსახლეობამ თავად დაკლა. ბოლო დროს სოფელ ჟდანოვკაში ჭირის შემთხვევები დაფიქსირდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დაფიქსირებული შემთხვევებზე კონტროლს ახორციელებენ, ექსპერტებმა ლაბორატორიული კვლევისთვის უკვე აიღეს მკვდარი ცხოველების ნიმუშები. სააგენტოს ინფორმაციით, ჯავახეთში პირუტყვი პიროპლაზმოზით ავადდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პიროპლაზმოზი ამ ზონისთვის დამახასიათებელია.
„ეს არის პიროპლაზმოზი, რომელიც ჯავახეთში თითქმის ყოველწლიურად ფიქსირდება, არ გადადის ადამიანებზე, სააგენტო ატარებს ღონისძიებებს ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად. ეს არ არის ინფექციური დაავადება, არამედ ის დაავადება, რომელიც წლების განმავლობაში ფიქსირდება ახალქალაქში, ახლა არ გაჩენილა. პირველი შემთხვევა არ არის, როცა იქ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ინფიცირდება. ჩვენი სააგენტო მუდმივად აძლევს რეკომენდაციებს მოსახლეობას, ვინც ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, მისი პირუტყვი გადარჩება“, – განაცხადეს სურსათის ეროვნული სააგენტოს პიარ სამსახურში.
დაავადებას მწერები ავრცელებენ, პირუტყვის შემთხვევაში ეს ტკიპებია. ეს დაავადება სეზონურია, სიცივის დადგომასთან ერთად დაავადება ქრება.
სეზონზე ამ დაავადების თავიდან აცილება ძალიან რთულია, თუმცა ექსპერტები პერიოდულად ნახირის ტკიპებთან საბრძოლველად შექმნილი სპეციალური პრეპარატებით მკურნალობას გვირჩევენ. მაგრამ ტკიპებთან ბრძოლა ეფექტიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის რეგულარულად ჩატარდება.
ხოლო თუ ეს ბრძოლა სისტემატურად არ ტარდება, მაშინ ექსპერტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ დაიწყოს მკურნალობა ინფიცირებისას. თუ, მაგალითად, ძროხა საძოვრიდან მარტო ბრუნდება და ცუდ მდგომარეობაშია, შემდეგ კი ტემპერატურა იმატებს, ღეჭვის სურვილი ქრება, ავადმყოფი ცხოველი წვეტს ჭამას. თუ პირველი ორი დღის განმავლობაში არ დაიწყებთ მკურნალობას, შესაძლებელია ცხოველი დაიღუპოს.
საქონლის მკურნალობისთვის აუცილებელია სააგენტოს თანამშრომლების რეკომენდაციების დაცვა.