დღეს, 18 მაისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა კონსტანტინე ხუცაიძემ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მოსახლეობას სამინისტროს ახალი პროგრამა გააცნეს, რომელიც მიზნად ისახავს ფარავნის ტბის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებას. მოსახლეობას არ მოეწონა პროექტი.
თბილისიდან ჩამოსული სტუმრების გარდა მოსახლეობასთან შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი სამველ მანუკიანი, პროპორციული სისტემით პარლამენტის დეპუტატი სუმბატ კიურეგიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჰან აროიანი, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი და სხვა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამუშავებს პროგრამას, რომლის მიხედვითაც ფარავნის ტბის პოტენციალი სრულად და ეფექტიანად უნდა გამოიყენებოდეს. სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ამ შემთხვევაში მოსახლეობა მეტ სარგებელს მიიღებს. სამინისტრო ამის მისაღწევად ერთადერთ გზას კოოპერატივების შექმნაში ხედავს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ შეხვედრაზე თქვა, რომ ფარავნის ტბას დიდი პერსპექტივა აქვს და მათ ტბაში მეთევზეობის განვითარება სურთ.
«ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფარავნის ტბით ისარგებლონ ადგილობრივებმა, და მოგება, რომლის მიღებაც შეიძლება, მოსახლეობაში განაწილდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფარავნის ტბას ჰქონდეს გრძელვადიანი პერსპექტივა, რომ მოსახლეობას სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს. ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის და ჩვენ ამას მივაღწევთ. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს კოოპერატივებში გაერთიანებით. და სახელმწიფოს გაუადვილდება მოსახლეობასთან ურთიერთობა. ჩვენ ფინანსურ დახმარებას გამოვუყოფთ ადგილობრივ მოსახლეობა, რომ მათ ფარავანი განავითარონ», – თქვა იური ნოზაძემ.
«როცა პროგრამა განხორციელდება, ხელს შეუწყობს სერიოზულ მოგებას, ორმხრივი იქნება არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის. ჩვენ გვაქვს მონაცემები, თუ ვინ არის კონკრეტულად ამ საკითხით დაკავებული. პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნება ყველა რესურსი», – თქვა სოფლის მეურნეობის სააგენტოს წარმომადგეელმა კონსტანტინე ხუცაიძემ.
სოფელ ფოკას მოსახლეობას არ მოეწონა კოოპერატივების შექმნის იდეა. ზოგადად, ისინი წინააღმდეგი იყვნენ ნებისმიერი პროექტის, რომელიც ფარავნის ტბაზე ხორციელდება.
აღვნიშნავთ, რომ ფარავნის ტბას მუნიციპალიტეტის დაახლოებით 6 სოფელი იყენებს, რომლებისთვისაც თევზი შემოსავლის წყაროა.
«ჩვენ ამით ვცხოვრობთ, რა უნდათ ჩვენგან, ჩვენ არ გვინდა, დარჩეს ისე, როგორც არის. აქ ტბის გამო დავრჩით, თორემ აქ ცხოვრება შეუძლებელია. ახლა მათ პურის წართმევა სურთ»,- თქვა სოფელ ფოკას მცხოვრებმა ბარსეგ ბაბაჯანიანმა.
«ჩვენ არ გვინდა კოოპერატივი. თუ შეგიძლიათ დაგვეხმარეთ. თევზი არ არის, არც საძოვრები გვაქვს, არც მიწა, ამ ტბით ვცხოვრობთ. 8 თვე გვაქვს ზამთარი. კოოპერატივებს შექმნიან, და ჩვენ აგვიკრძალავენ თევზაობას»,- თქვა ნაირ ტონაკანიანმა.
«მათ გადასახადი უნდათ დაგვინიშნონ. მე ძალიან ცოტა თანხა მაქვს, რომ გადასახადი ვიხადო», – თქვა სოფელ ფოკას მცხოვრებმა.
მინისტრის მოადგილე და სოფლის მეურნეობის სააგენტოს წარმომადგენელი თვლიან, რომ მოსახლეობა ვერ შეთანხმდა, რადგან მათ არ აქვთ სრული ინფორმაცია, და საჭიროა მოსახლეობისთვის უფრო დეტალურად ახსნა და მათი ინფორმირება.
«მე ვფიქრობ, კიდევ რამდენიმე შეხვედრა უნდა ჩავატაროთ, რათა უფრო დეტალურად გავაცნოთ, რის გაკეთებას ვაპირებთ. აქ გაუგებრობას ვხედავ. ისინი კოოპერატივების წინააღმდეგი არიან, მაგრამ მსოფლიო პროდუქციის 70%-ს კოოპერატივები ქმნიან. ისინი ფოქრობენ, რომ კოოპერატივი- სახელმწიფოა»,- ამბობს კონსტანტინე ხუცაიძე.
სოფელ ფოკას მოსახლეობამ ამ პროგრამისა და ზოგადად სახელმწიფო პროგრამების მიმართ უნდობლობა გამოხატა. იური ნოზაძე ამას იმით ხსნის, რომ მოსახლეობა არ იცნობს სახელმწიფო პროგრამებს.
«სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის კოოპერატივის მნიშვნელობა. არ ენდობიან. ვიმედოვნებთ, რომ აღვადგენთ ნდობას და განვახორციელებთ ამ პროექტს, რადგან ფარავნის ტბას დიდი პოტენციალი და კარგი ერსპექტივა აქვს. ჩვენ შევთანხმდით, რომ პროექტს წარვუდგენთ იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეში არიან. ჩვენ ავუხსნით რაში იქნება გამოხატული მთავრობის დახმარება და მერე დანარჩენებს წარვუდგენთ პროგრამას. დღეს ჩვენ ვერ შევძელით, რადგან მათ საკუთარი შეხედულებები აქვთ და არ მოგვისმინეს»,- თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ.