შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, აჭარის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთისა და ირანის მოქალაქეები.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულები არიან.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.
პოლიციამ, მოსამართის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და მათი ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
ნივთმტკიცებად ამოღებულია: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“, „ოპიუმი“, „პრეგაბალინი“, „ამფეტამინი“, „მდმა“, „ექსტაზი“,, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“, მცენარე „კანაფი“ და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.
ნარკოტიკულ საშუალებებზე დაკავებული ორი პირისგან ამოღებულია ასევე ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 273-ე პრიმა, 263-ე, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.