საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის No24 დადგენილებაში – „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების სქემის დამტკიცების შესახებ“ – ცვლილებები შევიდა. იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა.
ბრძანებაში ნათქვამია, რომ არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი (მოქმედი) მასწავლებლები (გარდა ეროვნული უმცირესობების ენების, აზერბაიჯანულისა და სომხური ენის მასწავლებლებისა), რომლებმაც 2023 წლის იანვრამდე სტატუსის შეცვლა ვერ შეძლეს და 2023 წლის საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, საგნის გამოცდაზე დაიშვებიან. გამსვლელი 1, 4, 7, 10 საკრედიტო ქულაა.
2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ქართულენოვანი სკოლების მოქმედი მასწავლებლები მასწავლებლის ამჟამინდელ სტატუსს შეინარჩუნებენ.
არაქართულენოვანი სკოლების მოქმედი მასწავლებლები სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ. თუმცა, თუ 2025-2026 სასწავლო წლის ბოლოს მასწავლებელ-პრაქტიკოსის სტატუსს ვერ შეცვლიან, სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადოს.
გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 ივნისიდან შედის.
მასწავლებელთა გადამზადების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კონსულტაციური საბჭოს სხდომაც გაიმართა.
საბჭოს წევრებმა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, კვალიფიციური კადრების მოსამზადებელი სამუშაოები, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და სხვადასხვა დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა განიხილეს.