მარია აღარასიანი ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ერთი წელი აშშ-ში ქალაქ მარევილის სკოლაში პროგრამა FLEX-ის ფარგლებში ისწავლა. ახალქალაქში ახალი გეგმებითა და მიზნებით შთაგონებული დაბრუნდა.

16 წლის იყო მარია, როცა აღნიშნული პროგრამით ამერიკის სკოლაში სასწავლებლად წავიდა. ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უკან, ახალქალაქში, განსხვავებულად უყურებს თავისი ცხოვრების გარკვეულ მომენტებს. ახალ ოჯახში გატარებულმა, დამოუკიდებლობის ერთმა წელმა მას დიდი გამოცდილება მისცა.

მარიამ ადაპტაციის პერიოდი ძალიან სწრაფად გაიარა, პრაქტიკულად ერთ თვეში უკვე შეეჩვია ახალ ცხოვრებას.

“დიდი სითბოთი შემხვდა ჩემი მიმღები ოჯახი. მასპინძელმა დედამ დახვედრა ჩემს რამდენიმე თანაკლასელთან ერთად და როცა სკოლაში წავედი, ზოგიერთ მათგანს უკვე ვიცნობდი და უკვე სწავლის პირველივე დღეს თავს უცხოდ არ ვგრძნობდი. ადამიანები ძალიან მეგობრულები და ძალიან დამოუკიდებლები არიან, როგორც ველოდი კიდეც. ჩემი მასპინძელი ოჯახის წევრები ძალიან კარგები და კეთილები არიან. იყო ასეთი შემთხვევა: სანამ დავრუნდებოდი 2 თვის ადრე სირბილში ვვარჯიშობდი. ძალიან გამიჭირდა, ძალიან ვიღლებოდი და გადავწყვიტე ვარჯიშისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ჩემმა მასპინძელმა დედამ მითხრა, – რაც არ უნდა რთული იყოს, არასდროს დანებდე და დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიიყვანე! – ეს ჩემთვის ძალიან კარგი გაკვეთილი იყო”.

“გაკვეთილები 7:45 საათზე იწყება და 4 საათამდე გრძელდება. პირველი, რაც შევნიშნე, სკოლაში განათლების ელექტრონული სისტემაა. თითოეულ მოსწავლეს თავისი ინდივიდუალური კომპიუტერი აქვს, მასწავლებლებს კი smart დაფა. ასევე, სკოლაში კაბინეტური სისტემა იყო. ძალიან გამაოცა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის არაფორმალურმა ურთიერთობამ. სკოლის დამთავრების შემდეგ დიდი დრო ეთმობოდა არასაკლასო მეცადინეობებს… სპორტს, სხვადასხვა წრეებს. მე ფრენბურთსა და სირბილში ვვარჯიშობდი. ყველაფერი კარგად იყო. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები ძალიან კარგები იყვნენ, მათგან განსხვავებით, ჩვენი მასწავლებლები ცდილობენ ცოდნა თითოეულ მოსწავლემდე მიიტანონ”.

მისთვის უცნაური არ ყოფილა ის, რომ დიდი შესაძლებლობების მიუხედავად მოსწავლეები არ ცდილობენ მაქსიმალური ცოდნის მიღებას.

“ამერიკაში ხომ მართლაც შესაძლებელია შრომით და მონდომებით სიმაღლეებს მიაღწიო. ეს აშკარა იყო გაკვეთილებზე, როდესაც ბავშვები განსაკუთრებულ ძალისხმევას არ იჩენდნენ ამა თუ იმ საგნის შესწავლისას. ძალიან მომეწონა ადამიანების აზროვნების სიმარტივე, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, მათი კეთილგანწყობა, გულღიაობა, დამოუკიდებლობა, ის, რომ შეუძლიათ საკუთარი აზრი თავისუფლად გამოხატონ და იცხოვრონ საკუთარი სიამოვნებისთვის”.

Flex

მარია დაბრუნდა ახალქალაქში იმის გააზირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი სახლის – სამშობლოს განვითარება.

“ჩემი მოლოდინები სრულად გამართლდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არაფერია მიუღწეველი. ჩემი ოცნება იყო მენახა ამერიკის დედაქალაქი. და აი, American Councils-მა გამოაცხადა კონკურსი თხზულებებს შორის ვაშინგტონში გამგზავრებაზე. თხზულება, რომელიც მე დავწერე, რჩეული გახდა და დაუვიწყარი კვირა გავატარე ვაშინგტონში. სემინარებზე მივხვდი, რომ ახალ თაობას შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს თავის ქვეყანაში, ქალაქში, სოფელში. როგორ მომავალს შევქმნით, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა მინდოდა აშშ-ში სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვგრძნობ, რომ ძალიან მიყვარს ის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ცხოვრობენ ჩემი ახლობლები, მეგობრები და ნაცნობები”.

აშშ-ში გატარებული ერთი წლის შემდეგ მიხვდა, თუ რა უნდა შეეცვალა “სახლში”.

“ჩემის აზრით, საქართველოში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემაა გენდერული უთანასწორობა და არა მხოლოდ. თუმცა, მიმაჩნია, რომ საქართველომ ამ სფეროში დიდი პროგრესს მიაღწია. არის გარკვეული მომენტები, რაზედაც მუშაობაა საჭირო, რათა ქვეყანა განვითარდეს! ჩემი აზრით, გენდერული უთანასწორობა ძალიან საგრძნობია ბევრ ოჯახში, სადაც გოგონებსა და ქალებს აზრის გამოხატვის, განათლების მიღების უფლება არ აქვთ, ადრეულ ასაკში თხოვდებიან და ხშირად უსიყვარულოდ”.

ბოლოს კი მაირიამ რჩევა მისცა გაცვლით პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებს.

“ჩემი რჩევაა, შეეცადეთ ბევრი ახალი ცოდნა მიიღოთ, ბევრი შთაბეჭდილებები, აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა არასაკლასო მეცადინეობებში, ეცადეთ ხშირად ჰქონდეთ ურთიერთობა ოჯახთან და მეგობრებთან, რაც შეიძლება მეტი გაიგეთ ამერიკულ ტრადიციებსა და კულტურაზე. ყოველთვის გახსოვდეთ მიზანი, რისთვისაც მიდიან ამერიკაში და არასდროს დანებდნენ, მაშინაც, კი თუ ეს ძნელი იქნება”.

მარიას წინ სკოლაში სწავლის კიდევ ერთი წელი აქვს. ის 12-ე კლასში გადავიდა, რომელსაც ახალქალაქში გაატარებს. მისი თქმით, ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ განსაზღვროს, თუ რა არის მომავალში მისთვის აუცილებელი.

ამერიკული გაცვლითი პროგრამა FLEX-ი მოსწავლეების აპლიკაციების მიღებას იწყებს