შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა; მათემატიკა – 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია – 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია – 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა – 700-მდე აბიტურიენტმა; ლიტერატურა – 1 300-მდე აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება – 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს, რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ. მათივე ცნობით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდრეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.