ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბრუცელოზით ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა. ბრუცელოზის საწინააღმდეგო გეგმიური აცრა ახალქალაქში წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე ტარდება.

უკვე კვირაზე მეტია ასპინძის მუნიციპალიტეტში შინაურ ცხოველებს ბრუციელოზის სიმპტომები უვლინდებათ. სოფლებში, სადაც ინფექცია დაფიქსირდა, ვეტერინარები მუშაობენ და ცხოველებს ამოწმებენ.

JNEWS-ი დაინტერესდა, იყო თუ არა დაავადების შემთხვევები ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც და მიიღეს თუ არა პროფილაქტიკური ზომები დაავადების გავრცელების აღმოსაფხვრელად.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„პროფილაქტიკური ვაქცინაცია ყოველწლიურად ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ტარდება. ლაბორატორიული გამოკვლევები კი მხოლოდ მაშინ კეთდება, როცა მოგვმართავენ და დაავადების ნიშნები სახეზეა. ასეთი ფაქტები კი ჯერ არ გვქონია. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, დაგვიკავშირდეს და გამოკვლევას ჩავატარებთ“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2023 წელს 26 000-მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და 9 000-დან 10 000-მდე წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია იგეგმება. გასულ წელს მუნიციპალიტეტში 2022 წელს 24 893 მსხვილფეხა რქოსანი და 8 076 წვრილფეხა პირუტყვი აიცრა.

სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ყოველწლიურად  ციმბირული წყლულის, ბრუცელოზის, მთრიმლავის, ცოფის საწინააღმდეგო უფასო გეგმიური ვაქცინაცია ტარდება.

ბრუცელოზი ქრონიკული ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა როგორც ცხოველებისთვის, ისე ადამიანებისთვის. ძროხა და ცხვარი მის მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა.

ბაქტერიები ცხოვრობენ ნიადაგში, წყალში, საკვებში, ნაკელში, საიდანაც ცხოველების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არწევენ და ლორწოვან გარსებზე სახლდებიან. შესაძლოა ბაქტერია სასუნთქი გზებით, ლორწოვანი გარსით გადავიდეს. ინფიცირებულ ნაკელთან, შარდთან შეხებისას კანიც ზიანდება. ინფექციის მატარებლები არიან სისხლის მწოველი მწერები, მღრღნელები და გარეული ცხოველები.

ბრუცელოზით დაავადებული ცხოველები არ ინკურნებიან და მათ კლავენ.

ბრუცელოზით ადამიანი ძირითადად კონტაქტით (ავადმყოფ ცხოველებთან, ნედლეულთან და ცხოველური წარმოშობის ინფიცირებულ პროდუქტებთან) ან ალიმენტარული (ინფექციის გადაცემის გზა, როცა პათოგენი მგრძნობიარე ორგანიზმში პირის ღრუს მეშვეობით, ძირითადად საკვების გადაყლაპვისას ხვდება) გზით ინფიცირდება.