ერევნის სტუდენტთა სახლი ივნისის დასაწყისში იმ სტუდენტების ჩარიცხვას გაასაჯაროებს, რომლებიც პირველ ან მეორე კურსზე სწავლობენ და ერევანიდან 60 ან მეტ კილომეტრში ცხოვრობენ. ეს არა მარტო სომხეთის რესპუბლიკის რეგიონების სტუდენტებს, არამედ ჯავახეთსაც ეხება.
სტუდენტური სახლი არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც საცხოვრებლის უზრუნველყოფით და ღირებული კავშირების შექმნით რეგიონულ განვითარებას უწყობს ხელს, რომლის ისტორიაც 2019 წლიდან იწყება – მისი შექმნის იდეა ერთ-ერთ თანადამფუძნებელს მჰერ მკრტჩიანს გაუჩნდა.
მჰერის თქმით, როდესაც ახალგაზრდები დიდ ქალაქში სწავლისთვის ჩადიან, ბევრი პრობლემა ექმნებათ, როგორც განსახლების, ისე არაფორმალური განათლების პრობლემის. სტუდენტური სახლი ერთდროულად ამ ორი პრობლემის მოგვარებას ცდილობს.
„მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდა და სტუდენტური სახლის კარი ოფიციალურად 2021 წელს გაიხსნა. ჩვენთან სტუდენტებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ სხვადასხვა წარმატებულ ბიზნესმენებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში ახალგაზრდული ცენტრები გაიხსნა. სტუდენტური სახლის წყალობით ახალგაზრდები სხვადასხვა საქმიანობას ასრულებენ და თავიანთი რეგიონის განვითარებაში წვლილი შეაქვთ“, – ამბობს მჰერ მკრტჩიანი, სტუდენტური სახლის თანადამფუძნებელი.
როგორც Jnews-ისთვის ცნობილია, ჯავახეთიდან სამი სტუდენტი დარეგისტრირდა და სტუდენტურ სახლის მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღო. თუმცა სამივე ეტაპი ვერცერთმა ვერ გადალახა.
სტუდენტურ სახლში შესასვლელად სტუდენტმა 3 ეტაპი უნდა გაიაროს: ონლაინ პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდეს, კითხვებს უპასუხოს და ერევანში გასაუბრება გაიაროს.
სტელა, სტუდენტური სახლის კოორდინატორი, აღნიშნავს, რომ მთავარი პირობა საცხოვრებელი ადგილია, სტუდენტი ერევანიდან 60 და მეტ კილომეტრში უნდა ცხოვრობდეს. გარდა საცხოვრებელი ადგილისა, სტუდენტები სტუდენტურ სახლში საცხოვრებლად მზად უნდა იყვნენ, რადგან ეს არ არის საერთო საცხოვრებველი, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სტუდენტებმა თავიანთი ცოდნა თემის ახალგაზრდებს უნდა გადასცენ და მათ განვითარებაზე იმუშაონ.
„შეზღუდულ პირობებში მიღება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. მაქსიმალურად ვცდილობთ შესაბამისი სტუდენტები შევარჩიოთ. ჩვენი პროგრამით, სტუდენტს შეუძლია ჩვენთან ექვსი თვე დარჩეს, რის შემდეგაც მისი ქცევიდან და აქტივობიდან გამომდინარე წყდება, გააგრძელებს თუ არა სტუდენტურ სახლში ცხოვრებას“, – განმარტავს სტელა ავეტიკიანი.
ლორის რაიონის სოფელ სანაინის მკვიდრი აღუნიკი უკვე ერთი წელია სტუდენტურ სახლში ცხოვრობს. ამბობს, რომ სტუდენტურმა სახლმა მისი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადა. აღუნიკმა ახალგაზრდული ცენტრი თავის თემში უკვე გახსნა.
„აქ ძალიან საინტერესოა. ვცხოვრობთ საზოგადოებაში, გვაქვს შესაძლებლობა წამოვაყენოთ ჩვენი თემის პრობლემები, რომლებსაც განვიხილავთ და ვცდილობთ გამოსავალი ვიპოვოთ. თავიდან საკმაოდ რთული იყო, რადგან ბევრისთვის მიუღებელი იყო სხვადასხვა ადგილიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ცხოვრება და აქედან საზღვარგარეთ წასვლა, რაც აბსურდი იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სტერეოტიპების დამსხვრევა მოვახერხე და ახლა ჩვენს საზოგადოებაში ყველამ იცის, რომ სტუდენტური სახლი ამზადებს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი საზოგადოების ცხოვრება და გააუმჯობესონ იგი“, – ამბობს აღუნიკი.
ჩაბარებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ფეისბუქის ოფიციალური გვერდი გამოიწეროთ.