ახალქალაქში ქუჩების მოპირკეთებაზე მუშაობენ. უპირველეს ყოვლისა, ცენტრალური გზის ყველაზე დაზიანებული მონაკვეთების (თავისუფლების ქუჩა) შეკეთებაზე ზრუნავენ. სხვა ქუჩებს რეაბილიტაცია საჭიროებისამებრ ჩაუტარდება.

პასუხისმგებელი კომპანიის “ჯავახავტოგზას” დირექტორის თქმით, ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში, სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

„კონკრეტული ქუჩები არ აგვირჩევია, შეკვეთას მერიიდან ვიღებთ და გვეუბნებიან, რა ტერიტორია უნდა გავარემონტოთ. სამუშაოები ფიქსირებულია და უკვე დაწყებულ მონაკვეთებს, თუ კარგი ამინდი იქნება, ერთ დღეში დავასრულებთ“, – ამბობს ნოდარ ინასარიძე.

IMG_9637

ახალქალაქის მერიაში Jnews-ს აცნობეს, რომ გასარემონტებელ მონაკვეთებს ტერიტორიული წარმომადგენლები ადგენენ.

„სამუშაო დადგენილ ნორმებში მიმდინარეობს – რამდენი კვადრატი და ტონა ასფალტი უნდა დაიგოს დაახლოებით 300 000 ლარად. ძირითადი სამუშაოები ცენტრალური ქუჩის იმ მონაკვეთებზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტი უკვე გაკეთებულია. ტერიტორიული წარმომადგენლები სხვა ქუჩებსაც გადახედავენ და იქაც ვიმუშავებთ“, – განმარტა მერმა მელქონ მაკარიანმა.

IMG_9638

წლევანდელი ტენდერი პირველად ჩატარდა. ის კომპანია „ჯავახავტოგზამ“ 300 000 ლარით, საწყისი ფასით მოიგო. სამუშაოები დამკვეთის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომელიც დაზიანებული ასფალტბეტონის საფარის მოხსნას, ნაგავის გატანას, ნაწიბურის მოჭრას და ბიტუმის მოსხმას, თხევადი ბიტუმის გვერდებზე 0,6 კგ/მ²-ით წასმას და ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგებას მოიცავს.

IMG_9644

IMG_9646