თითქმის ერთი თვეა, რაც ახალქალაქში ქალაქის გზებზე ორმოების სარემონტო სამუშაოები დაიწყო. თავდაპირველად გზის დაზიანებული მონაკვეთები შემდგომი ასფალტირებისთვის გაამზადეს. მიუხედავად იმისა, რომ მერიაში ირწმუნებიან მუშაობა ხვალ დაიწყება, უკვე 26 დღეა ორმოები ასფალტს “ელოდება”.

“ბუნებრივ” ორმოებს ეგრეთწოდებული “ხელოვნური” ორმოები დაემატა, რამაც კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია. წვიმიან დღეებში ორმოები წყლით ივსება. მძღოლს არ შეუძლია შეაფასოს ორმოს რეალური სიღრმე და შედეგად ავტომობილი დიდ და ღრმა ორმოში ვარდება. მძღოლებმა აღარ იციან რომელი ერთ ორმოს აერიდონ, რადგან გზაზე სწორი ადგილი არ არის.

JNEWS-სთან საუბარში მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოასფალტების სამუშაოები ხვალ დაიწყება. თუმცა უკვე ერთი თვეა ელიან. რამდენიმე ორმოს ამოავსებენ, სხვებს ჭრიან. მზიან ამინდში არ მუშაობენ, ხოლო წვიმიან ამინდში ამბობენ: ”ველოდებით გზის გაშრობას, რომ ნორმალურად მოვაასფალტოთ.”

მძღოლები იმდენად იმედგაცრუებულები არიან, რომ ამაზე საუბარი და ამ საკითხის წამოყენებაც კი არ სურთ, რადგან, როგორც თავად ამბობენ, “მკვდარი წერტილიდან არაფერი იძვრება”. ისინი იძულებულნი არიან რეგულარულად შეაკეთონ ავტომობილები, გამოცვალონ საბურავები და ა.შ.

”მე, როგორც მძღოლი, ვფიქრობ, რომ რაღაცის გამო გვსჯიან, უბრალოდ არ მესმის რისთვის. კვირაში ორჯერ ვცვლით საბურავებს, რომლებსაც რთულად ვშოულობთ, მუდამ სტრესში ვართ. როცა გაფუჭებულ გზასთან მიდიხარ, არ იცი, სად უნდა წახვიდე და როგორ აერიდო, რომ ორმოში არ ჩავარდე. ასეთ დროს, შენი ფსიქიკური წონასწორობა დარღვეულია – ვერ წყვეტ სად წახვიდე, ერთ მხარეს ორმოა, მეორე მხარეს წყალი. მსგავსი ვითარებაა მთელ ქალაქში”, – ახცადებს ამ გზით მოსარგებლე  ერთ – ერთი მძღოლი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ქალაქის სხვა ქუჩებში გასვლაც სცადა, მაგრამ დარწმუნდა, რომ იგივე სიტუაცია იყო მთელი ქალაქის გზებზე.

”ვთვლი, რომ ორმოები პარალელურად უნდა გარემონტდეს: ერთმა მანქანამ ამოჭრას მონაკვეთები, მეორემ – შეავსოს. ჭრიან და ასე დღეების, თვეების განმავლობაში ტოვებენ. განა სხვა ქალაქებში ასე ხდება? თუ ასფალტი არ აქვთ, ნუ ამოჭრიან, რატომ ტოვებენ ასე? ნუთუ მოსამწიფებელი ხილია. ბოლოს და ბოლოს, ყელში ამოგვივა, ყველანი ერთად შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, რა ვქნათ”,- ამბობს მძღოლი.

poser vstrecha

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში ორმოების ამოვსების სარემონტო სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ახორციელებს. JNEWS-ი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა კომპანიასთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დარჩა.

როდის გადაწყვეტენ პასუხისმგებელი პირები თავიანთი მოვალეობების შესრულებას, უცნობია.