ახალქალაქის მე-5 საჯარო სკოლის ეზოში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი შენობა ინგრევა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის უსაფრთხო არ არის.
სამსართულიანი შენობიდან ზოგან 4 კედელია დარჩენილი, ზოგან – მხოლოდ ერთი. არც სახურავია. ეს ახალქალაქის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობაა. მის გვერდით მდებარე სასადილოც იმავე მდგომარეობაშია, ცოტა მოშორებით კი ერთსართულიანი სამრეცხაოა. ეს ყველაფერი ახალქალაქის მე-5 სკოლის უზარმაზარ ტერიტორიაში შედის. ახალქალაქელები ამ ადგილს ინტერნატს უწოდებენ. სსრკ-ს დაშლამდე სკოლა ფიზიკა-მათემატიკის განსაკუთრებული სწავლებით გამოირჩეოდა. პროფილის ჩვეულებრივ სკოლაში გადასვლისა და სსრკ-ს დაშლის შემდეგ უძრავი ქონებაც – საერთო საცხოვრებელი, სასადილო და სამრეცხაო – დაიშალა.
„საერთო საცხოვრებლის შენობები სუფთა იყო, მაგრამ გარემონტებული არ იყო, მაშინდელ პირობებს აკმაყოფილებდა. სკოლა 1989 წელს დავამთავრე, მაგრამ საერთო საცხოვრებელში მაინც რჩებოდნენ მოსწავლეები. კიდევ 2 წელი სკოლა-ინტერნატი იყო. კარგი პირობები, საკვები, სუფთა თეთრეული იყო, რომელიც ყოველ კვირას იცვლებოდა. აქ ძირითადად სოფლებიდან ჩამოსული ბავშვები რჩებოდნენ. სოფლიდან არ დავდიოდი, მაგრამ ცოტა ხანს მეც დავრჩი. რადგან სკოლა-ინტერნატის მოსწავლე ვიყავით, აქ უნდა დავრჩენილიყავით და გვეჭამა. ეს აუცილებელი იყო. მაშინ 400-500 მოსწავლე ჰყავდათ. კლასში 40-41 კაცი შედიოდა. იყო კლასები “A” და “B”. „B“ იყო კლასები, სადაც ფიზიკა-მათემატიკაზე იყვნენ ორიენტირებულნი, „A“ კი ჩვეულებრივი კლასი იყო“, – ამბობს გაიანე ასატურიანი, ინტერნატის კურსდამთავრებული, მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელი.
ოცდაათი წლის შემდეგ, ოდესღაც მდგრადი შენობები, რომლებიც სახურავების ქვეშ უამრავ ბავშვს ღებულობდა, სახიფათო ნანგრევები გახდა. სკოლის მასწავლებლების თქმით, მათ რამდენჯერმე სახელმწიფოს სკოლის ბალანსიდან ტერიტორიის ამოღების თხოვნით წერილობით მიმართეს, რადგან იგი ბავშვებისთვის საშიშ შენობებს მოიცავს. მასწავლებლები და ახალქალაქის მოსახლეობა შიშობს, რომ ერთ დღეს ეს კედლები ჩამოინგრევა და ხალხი ნანგრევების ქვეშ მოჰყვება, რადგან სკოლის ირგვლივ საცხოვრებელი ქუჩებია. მოუსვენარი ბავშვები არიან და შეუძლებელია ყველას თვალყური ადევნო. საღამოს მეზობელი ქუჩების ბავშვები სკოლის მოედანზე თამაშობენ, მოსახლეობაც მოძრაობს. ავარიული შენობები შემოღობილიც არ არის.
მასწავლებლების თქმით, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დაახლოებით 3 წლის წინ გადავიდა. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა ტერიტორია მუნიციპალურ ბალანსზე გადაიტანოს, სადაც ავარიული შენობებია. თუმცა მუნიციპალიტეტისთვის ჯერ არ ჩაუბარებიათ.
„ეს შენობები სახელმწიფო საკუთრებაა. მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადატანაც ვთხოვეთ, მაგრამ ჯერჯერობით გადაცემული არ არის. პრობლემის გამო რამდენჯერმე დავუკავშირდით. რთული საკითხია და ვერ გადაუწყვეტიათ რა გააკეთონ“, – განმარტავს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანი.
როდის და როგორ მოგვარდება საკითხი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა რჩება იმედი, რომ ყოფილი ინტერნატის საერთო საცხოვრებლის, სასადილო ოთახის და სამრეცხაოს კედლები დანგრევისას არავის დააზარალებს.