საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, არასანქცირებული რუსული ავიაკომპანიები ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან შეძლებენ ფრენებს.
მანამდე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს ქუთაისის აეროპორტი რუსეთში რეგისტრირებული ავიაკომპანიების მომსახურებაზე უარს ამბობდა.
“საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომები არც ერთ საერთაშორისო აეროპორტებს შორის არ იქნება”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე ავიაკომპანიამ ფრენების დაწყებაზე უკვე მიმართა. გავრცელებულ განცხადებაში სააგენტო არ აკონკრეტებს რომელმა ავიაკომპანიებმა მიმართეს და რა სიხშირით მოითხოვეს ფრენა. BMG ეკონომიკის სამინისტროსგან ამ ინფორმაციის მიღებას ცდილობს.