ტრადიციული საშობაო მსვლელობა “ალილო” წლეულს ახალქალაქში, ნაკლები ხალხით და სახლებში შესვლის გარეშე აღნიშნეს.

დღეს, 7 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას აღნიშნავს, არც ახალქალაქია გამონაკლისი. დილით, მამა ალექსანდრეს ხელმძღვანელობით მორწმუნეებმა მსვლელობა დაიწყეს ახალქალაქის ქართული ეკლესიიდან. მართლმადიდებელი მრევლის წევრებმა გაიარეს ქალაქის ქუჩებში და მაცხოვრის შობა მოსახლეობას მიულოცეს.

ახალქალაქის მართლმადიდებელი მოსახლეობა “ალილოს” დღესასწაულს უკვე 12 წელია აღნიშნავდ. თუმცა, წლეულს, პანდემიის გამო, სადღესასწაულო მსვლელობაში ნაკლები ადამიანი მონაწილეობდა, ისინი არც სახლებში შედიოდნენ კურთხევისთვის.

მამა ალექსანდრეს თქმით, წლეულს კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაწყდა მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობის შემცირება.

“ალილოში” მხოლოდ ისინი მონაწილეობდნენ, ვინც ეკლესიაში მსახურობს, მათ შორის, დედაოები და ეკლესიის მგალობელნი. სულ 10-12 ადამიანი. პანდემიის გამო წელს შეზღუდვები გვაქვს. ჩვენ ქალაქში ვიარეთ და მოსახლეობას მივულოცეთ, ვაკურთხეთ ქალაქი,” – თქვა მამა ალექსანდრემ.