3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ შოვში განვითარებული სტიქიის შესახებ შსს გამოძიებას ატარებს – ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პროკურატურა სწავლობს, იკვეთება თუ არა პირთა ბრალეულობა ტრაგედიის მიერ გამოწვეულ მსხვერპლში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები სასჯელის სახით 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სტიქიას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გრძელდება კიდევ ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები.
“2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად ადამიანთა სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის № 059030823001 საქმეზე, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო, ასევე, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების საგამოძიებო დანაყოფები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გამოძიება სწავლობს სტიქიის გამომწვევ მიზეზებს და დამდგარ შედეგს, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებულს ღონისძიებებს, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის ზონაში არსებული ინფრასტრუქტურის კანონიერებას და გამოძიებისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს. მიმდინარე გამოძიების პროცესში სამოხელეო ან სხვა რომელიმე დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.
გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. საქმეზე ჩატარებულია 300-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. დაკითხულია ათეულობით მოწმე, დანიშნულია 40-ზე მეტი ექსპერტიზა, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიების პროცესში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაიკითხება საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა მოწმე, შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი იქნება ინფორმაცია და ყველა სათანადო დოკუმენტაცია, ასევე დაინიშნება ყველა საჭირო ექსპერტიზა,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გაგზავნილ წერილში.