სკოლებში „ბოლო ზარის“ და გამოსაშვების, კურსდამთავრებულთა ოჯახების უზარმაზარი ხარჯების სეზონი ახლოვდება. ახალქალაქში საშუალოდ კურსდამთავრებულისთვის ოჯახში 1500-2000 ლარი იხარჯება, თუ არ ჩავთვლით თითოეულ ოჯახში სკოლის დამთავრების ინდივიდუალურ აღნიშვნას.

ტანსაცმელი, ავტომობილი, ექსკურსია, ბანკეტი, სკოლის საჩუქარი და კიდევ ბევრი სხვა ის ხარჯებია, რომელიც ყოველწლიურად იმ ოჯახებში ჩნდება, სადაც კურსდამთავრებული ჰყავთ.

მახარე მაცუკატოვი – ახალქალაქის ქართული სკოლის კურსდამთავრებულის მშობელი – აღიარებს, რომ სკოლის საჭიროებებისთვის დაახლოებით 2000-2500 ლარის დახარჯვას აპირებს.

“პოპულარულ „ბოლო ზარის“ დღესასწაულს თუ არ ჩავთვლით, 2000-2500 ლარი გამოდის. ტანსაცმელი, კოსტიუმი – დაახლოებით 800 ლარი, ექსკურსია ბათუმში – 600 ლარი, ბანკეტი და ასე შემდეგ ცალკე ხარჯია”,- ამბობს ის.

ოჯახი სკოლის დამთავრების აღნიშვნას არ გეგმავს, მაგრამ მახარეს თქმით, შვილის უნივერსიტეტში ჩარიცხვას აუცილებლად აღნიშნავს.

ახალქალაქში გამოსაშვები დღესასწაულის ტენდენცია კვლავ პოპულარულია. „ბოლო ზარს“ კი ის ოჯახებიც აღნიშნავენ, ვისაც ამის საშუალება არ აქვს. რადგან ეს უკვე ტრადიციად იქცა, არავის სურს შვილი დანარჩენებისგან გამოარჩიოს.

ახალქალაქის მე-2 რუსული სკოლის კურსდამთავრებულის მშობელის თქმით, გოგონას სკოლის დამთავრების რესტორანში, მასშტაბურად აღნიშვნა სურს. მათ კლასში კიდევ 5-6 ოჯახი სკოლის დამთავრების გრანდიოზულ აღნიშვნას აპირებს, დანარჩენები კი ან სახლში ან საერთოდ არ აღნიშნავენ.

ამ ჩამონათვალის გარდა, თანხები კლასის აქტივობებზეც იხარჯება, რომელიც დაახლოებით 1500 ლარი ჯდება.

“ავტომობილი, ჩასაცმელი, სკოლის საჩუქარი – უკვე 500-600 ლარი. კიდევ ემატება გამოსაშვები ბანკეტი, ექსკურსია – მინიმუმ 1000 ლარი და მეტი”, – განმარტავს იგი.

ახალქალაქის რესტორნებში გამოსაშვები დარბაზები ჯერ არ იჯავშნება, რადგან დიდი დარბაზებისთვის ბოლო ზარის აღნიშვნა მომგებიანი არ არის.

„10-15 კაცით უნდათ მოსვლა, ამიტომ არ ვიღებთ; ჩვენთვის კი მომგებიანი არ არის, რადგან მშობლების გარეშე მოდიან. მშობლებთან ერთად ივნისის ბოლოს იზეიმებენ გამოსაშვებ ბანკეტებს, მაგრამ ამ თარიღების ჯავშანი ჯერ არ დაწყებულა, რადგან ადრეა“, – ამბობს ახალქალაქში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი.