ვარვარა ბიჩახჩიანი, წარმოშობით ახალქალაქიდან, მრავალი წელია ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს. დიდი ქალაქის აურზაურში გავიტის თეატრში მყუდრო კუთხე იპოვა. სამსახურის მიუხედავად, თეატრალურ საქმიანობაზე უარს არ ამბობს. მიაჩნია, რომ ეს იდენტობის შენარჩუნებაში ეხმარება.
იქ სადაც სომხები ცხოვრობდნენ, ყოველთვის ეკლესიები, სკოლები და თეატრები ჩნდება. ეს სამი საყრდენი სომხებს საშუალებას აძლევს თვითმყოფადობა, ეროვნული თვითშეგნება შეინარჩუნონ და იმ ქვეყნის საზოგადოებასთან ასიმილაციის ზღუდავს, სადაც ნებსით თუ უნებლიეთ იმყოფებიან. მოსკოვის სომხურ თემს სამივე საყრდენი აქვს: ეკლესია, რომელიც რწმენას უნარჩუნებთ, საკვირაო სკოლა – ენის გადასარჩენა და თეატრი – “გავიტი”. ხშირად ბავშვები, რომლებმაც სომხური საერთოდ არ იციან, საკვირაო სკოლაში დადიან და ეს სამი საყრდენი ერთად მუშაობს.
გავიტი (ეზო ან მინაშენი ტაძრის შესასვლელის წინ) – ასე უწოდა თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელმა ჰამლეტ გალეჩიანმა 2010 წელს. ვარვარა აქ 2012 წელს საკვირაო სკოლის მეშვეობით მოხვდა. პირველივე მომენტიდან პატარა მყუდრო 8-9 რიგიანი კამერული თეატრი იმ გოგონას ჩაუვარდა გულში, რომელსაც ახალქალაქში თეატრზე მხოლოდ ოცნება შეეძლო.
“სტუდიაში სიარული დავიწყე და დაახლოებით ერთი წელი, ან უფრო მეტი, უბრალოდ ვიჯექი და რეპეტიციებს ვუყურებდი. მერე უსიტყო როლი მქონდა და სპექტაკლში სიტყვაც მომცეს. ეს ყველაფერი, ჰამლეტის მიწოდება შემიყვარდა. ეს არის თეატრალური მაგია, რომელიც თავს ბედნიერად გაგგძნობინებს. რას გვაძლევს გავიტი – უზარმაზარ მოსკოვში თავს სამშობლოს ნაწილად გრძნობ. სომხურ ენასა და ლიტერატურას, დრამატურგიას ვსწავლობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ვარვარა ბიჩახჩიანი.
ვარია (როგორც მას ახლობლები ეძახიან) პატარა პროვინციული ქალაქიდან და საკმაოდ კონსერვატიული ოჯახიდან არის, მაგრამ ამის მიუხედავად, რეპეტიციებზე სიარულს მაინც აგრძელებდა და სახლში შუაღამისას ბრუნდებოდა.
„სწავლის შემდეგ 6-7 საათზე იწყებოდა რეპეტიციები. სპექტაკლებს თუ ვდგამდით, რეპეტიციები შეიძლება ყოველდღე გვქონდეს. უბრალო რეპეტიციები ყოველ მეორე დღეს ტარდება. სახლში სიმკაცრესა და ტრადიციებზე იყო საუბარი, რადგან მოსკოვი დიდია და მშობლებიც წუხდნენ, მაგრამ მშობლიური მზრუნველობისგან მაინც ადვილად გაგვათავისუფლეს“, – ამბობს იგი.
გავიტი მოსკოვის ჯავახეთის დიასპორაშიც პოპულარობით სარგებლობს, მსახიობებს შორის 4 ჯავახეთის მკვიდრია.
“სომხურ სკოლაში ყველა ჩემზე ადრე მოვიდა. ერთმანეთში დიალექტზეც ვსაუბრობთ. ვცდილობთ არც ლიტერატურული სომხური დავივიწყოთ. გავიტს სამოყვარულო თეატრს არ დავარქმევ, რადგან იქ როგორც უნივერსიტეტში, ისე ვსწავლობდით 4 წელი“, – განმარტავს ვარია.
ვარვარა ბიჩახჩიანის თქმით, ოჯახური მენტალიტეტი სომხებს რუსებისგან განასხვავებს და სწორედ ეს განცდა უკავშირდება გავიტის თეატრს.
„ყველაფერი, რაც სამშობლოში ხდება, აქაც განიხილება. (…) სამშობლო, ასიმილაცია, დაბრუნება – ყველა სპექტაკლის საერთო თემები. მათ ვიყენებთ კომედიებშიც – „გაიქეცი, გაიანე, გაიქეცი“ . რუსი რეჟისორი დაგვესწრო და ენის არცოდნის მიუხედავად, ყველაფერი გაიგო და აზრს ჩასწვდა“, – ამბობს ის.
დასაქმებულ ვარიას ცხოვრება გავიტის გარეშე ვერ წარმოუდგენია. თეატრში გატარებული დროის განმავლობაში ისეთ სპექტაკლებში ითამაშა, როგორიცაა “დაიმახსოვრე, იცხოვრე” – სომხების გენოციდის შესახებ, “ფუტკრის მდელო” – სსრკ-ს დაშლის შემდეგ ემიგრაციაზე, “უკანასკნელი მეფე” და ა.შ. თამაშობს თუმანიანის ზღაპრებზე დაფუძნებულ სპექტაკლებში.
“ამის დაკარგვა და სხვა თეატრში წასვლა არ მინდა. სპექტაკლების თემაც მაკავებს. საბავშვო სპექტაკლებში მუდმივად ვთამაშობ. არის თუმანიანის სომხური ზღაპრები, რომლებსაც კვირაობით წირვის შემდეგ 40 წუთით ბავშვებისთვის ყოველთვის ვდგამთ, რათა ენას მოუსმინონ. ამ სპექტაკლებზეც ყოველთვის ბევრი ხალხის მოდის“, – განმარტავს ვარია.
მისი თქმით, პატარა თეატრი „გავიტი“ არასოდეს არის ცარიელი, რადგან რუსეთში ძალიან ბევრი სომეხია.