ჰაკობიან სათენიკი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოდან, ასი წლისთავის მიჯნაზეა. თავის ასაკში ფიზიკურად აქტიური და ხალისიანია, უსაქმოდ ჯდომა არ შეუძლია და ეზოში მუდმივად რაღაცას აკეთებს. მხოლოდ, ერთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ნანობს.
ეზო, სადაც თითქმის 100 წლის სათენიკ ჰაკობიანი ცხოვრობს სოფელ კოჩიოში მდებარეობს. ჩვენ წინ გადაშლილმა სურათმა ძალიან გაგვაოცა. ბაღში მოხუცი ქალი მიწას თხრიდა. გვეგონა, რომ არასწორად მოვედით, მაგრამ მასპინძელი ბებო სათენიკი იყო. დაგვინახა, ჩვენი ვინაობა გაიგო, მხიარულად მოგვესალმა და მაშინვე საკუთარ თავზე დაიწყო ლაპარაკი.
ბებია სათენიკი ასაკზე სიამაყით საუბრობს და ამატებს, რომ მისი წინაპრებიც დიდხანს ცოცხლობდნენ, ბაბუამ 118 წელი იცოცხლა.
მურადიან-ჰაკობიან სათენიკი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში 1924 წლის 1-ელ იანვარს დაიბადა. ოჯახში 4 გოგონა და 2 ბიჭი იყო. სათენიკი უფროსი იყო. შემდეგ კი ჰაკობიან არშალუიზზე იქორწინა, რომელიც სოფელ კოჩიოდან იყო. ისე იქორწინდა, არ იცოდა სად მიდიოდა და არც საერთო ნაცნობების რეკომენდაცია მიუღია.
„არ ვიცნობდი და არასდროს მენახა, მაგრამ გარეგნულად კარგად გამოიყურებოდა“, – ამბობს ბებია სათენიკი.
სამი შვილი, გოგონა და ორი ბიჭი შეეძინა. სათენიკი ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, მისი ვაჟები დიდი ხანია რუსეთში წავიდნენ და ძალიან იშვიათად ხედავს. შარშან ვაჟები ჩამოვიდნენ, რუსეთში წაიყვანეს, მაგრამ იქ არ დარჩა.
„დაე მარტოებმა იცხოვრონ, ნუ დამეხმარებიან. პენსიას ვიღებ. მათთან წავიდოდი, მაგრამ ჩემი ქალიშვილი როგორ დავტოვო, ისიც მარტოა. ვაჟებს კი საკუთარი ოჯახები აქვთ. სახლშიც და ბაღშიც ყველაფერს ვაკეთებ“, – განმარტავს ბებია სათენიკი.
მას ღრმა, ცისფერი თვალები აქვს. როცა საკუთარ თავზე საუბრობს, თვალები მხიარულად უბრწყინავს და უკაშკაშებს, მაგრამ ხანდახან უეცრად იცვლება, თითქოს დამცავი ფენა ეკვრება და ცრემლებით ივსება, რასაც ღრმა სიჩუმე მოჰყვება, რომელსაც ვერავინ არღვევს.
ბებია სათენიკს ცუდად ესმის, მაგრამ სათვალის გარეშე კარგად ხედავს.
ახალგაზრდობაში ლექსებს წერდა, რომლებიც გაზეთ „სოვეტაკან ვრასტანში“ გამოქვეყნდა. მისი არც ერთი ლექსი არ შემორჩენილა. მასაც ბევრი ბოლომდე არ ახსოვს, მაგრამ ლექსის რამდენიმე ნაწყვეტი ჩვენთვის მაინც წაიკითხა.
სიამაყით ამბობს, რომ სკოლაში კარგად სწავლობდა, ლამაზად დეკლამირებდა და ამისთვის ყოველთვის სამაგალითო იყო სხვებისთვის. ღონისძიებებზე ყოველთვის ლექსებს კითხულობდა.
ჰაკობიან სათენიკი მშობლებს მისი გათხოვებას და სწავლის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ვერ პატიობს. ქმრის ოჯახი ღარიბი იყო, ძლივს ირჩენდა თავს და უმაღლესი განათლებაც დავიწყებას მიეცა.
კითხვაზე, კმაყოფილი იყო თუ არა თავისი ცხოვრებით, გვიპასუხა:
„კი, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხარვეზებიც იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი შუა გზაზე მივატოვე. ოჯახში ყველაზე უფროსი ვიყავი და ჩემი თანხმობის გარეშე დამაქორწინეს. მშობლებმა დამკარგეს. შეეძლოთ სასწავლებლად გავეგზავნე და მერე გავთხოვდებოდი. მაგრამ ასე არ ხდებოდა; უფროსი ვიყავი და უნდა გავთხოვილიყავი”, – იხსენებს ბებია სათენიკი სევდიანი თვალებით.
ჩვენთან დამშვიდობების შემდეგ გვთხოვა მის მოსანახულებლად ხშირად მივიდეთ. სტუმრობამ ძალიან გააბედნიერა. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც კი განვლილ სირთულეებზე საუბარი არ უყვარს, ცდილობს კარგი გაიხსენოს და ხალხს სასიამოვნო რამ უამბოს.