მეტაქსია ქეიანი 12 წლისაა, მაგრამ სამ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს: ფორტეპიანო, გიტარა და დოლი. მუსიკალურ, აშუღურ და სამხატვრო სკოლებში სწავლობს და „ვაჩიანისა“ და „ზარტონქას“ ცეკვის ანსამბლებში ცეკვავს. ენების სწავლაც უყვარს და გეგმავს ცოდნა როგორც კულტურაში, ასევე ენებში გაიღრმავოს.

მეტაქსიას მუსიკალური ნიჭი როგორც მამისგან, ასევე დედისგან გადმოეცა. მამა, ნასლეტ ქეიანი, ანსამბლების “ვაჩიანისა” და “ზარტონქის” ქორეოგრაფია, ხოლო დედა ანსამბლ “ვაჩიანში” ცეკვავდა.

მეტაქსიას ადრეული ასაკიდან ამჩნევდნენ იმ ღონისძიებებზე, სადაც მამა იმყოფებოდა. მუდამ უფროსებთან ცეკვავდა და ცდილობდა არაფერში ჩამორჩენოდა, მამის მოწონება დაემსახურებინა.

გმირმა ცეკვა სამი წლის ასაკში დაიწყო.

„სამი წლიდან ვცეკვავ. თუმცა იმიტომ არა, რომ მამაჩემიც ამ სფეროშია. ცეკვა ბავშვობიდან მიყვარდა. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, როცა სახლშიც ამით არიან დაკავებულნი, მაგრამ ცეკვის სურვილი ყოველთვის მქონდა. მამაჩემი წინააღმდეგი იყო, რადგან პატარა ვიყავი. როცა გავიზარდე, დაინახა, რომ ცეკვის ნიჭი მქონდა“.

dhol

პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზეც მეტაქსია უკრავდა, ფორტეპიანო იყო. ახლა მუსიკალური სკოლის ფორტეპიანოს განყოფილების მე-3 კლასშია. ფიქრებში გართულს დოლზე დაკვრა ყოველთვის უყვარდა.

„ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც მუდამ მუსიკა ისმოდა. მამაჩემი კოპალ-დოლს უკრავდა. მოწოდება თავად აღმოვაჩინე. თავიდან მხოლოდ ვცეკვავდი, მერე მუსიკის შესეავლა დავიწყე, საკუთარი თავი გამოვცადე და აშუღთა სკოლაშიც შევედი, სადაც დოლზე დაკვრა ვისწავლე. ახლა სახლში მამაჩემთან „ვიბრძვით“, რათა კოპალ-დოლზე დაკვრაც ვისწავლო“.

მეტაქსია აშუღ ალიკთან სწავლობს დოლზე დაკვრას, მათ ჯგუფში 10-მდე გოგონაა. დოლზე პირველად ახალქალაქში, ახალი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, შემდეგ კი 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაუკრა. კვირაში ორჯერ, შაბათ-კვირას, დოლის მეცადინეობებს ესწრება.

გოგონას მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში მეტაქსიას მამამ, ნასლეტ ქეიანმა დიდი როლი ითამაშა. ისიც კოპალ-დოლზე უკრავს და პატარა გოგონას ინტერესი აქედან გამომდინარეობს. მეტაქსია დოლს უყოყმანოდ ირჩევს, მიუხედავად იმისა, რომ დედა და მისი გარემოცვის ბევრი წევრი მის გადაწყვეტილებას არ ესალმება.

მეტაქსიას დედა ჰყვება:

„ერთ დღეს სახლში მოვიდა და მითხრა, რომ გიტარაზე დაკვრის სწავლა სურდა. ვუთხარი, „მეტაქსია, უკვე საკმარისია“, მაგრამ მამა დათანხმდა და მეცადინეობაც დაიწყო. მაშინ ვიფიქრე, რომ თუ ვერ დაუკვრავდა, გაუშვებდნენ. ერთხელაც მოვიდა და მითხრა, რომ მშობელთა კრებაზე მიმიწვიეს. სიამოვნებით წავედი. ვფიქრობდი, რომ უარს მეტყოდნენ. როცა მასწავლებელმა მითხრა, რომ ნიჭიერი გოგო მყავდა, გამიკვირდა, რადგან სულ სხვა რამეს ველოდი.”

მეტაქსიას უმცროსი და-ძმა ჰყავს. როგორც თავად ამბობს, საერთოდ არ ჰგვანან, განსხვავებული ინტერესები აქვთ.

სიცილით ჰყვება, რომ ოჯახის წევრები ჩივიან, როცა სახლში უკრავს.

“მეუბნებიან: „გეყოფა, მეტაქსია“, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს. მაინც ვაგრძელებ. იმდენს ვიმეცადინებ, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ“.

მეტაქსიასთან სულიერად ახლოს არა მხოლოდ მუსიკა და ცეკვა, არამედ ენებიც არის. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის თბილისში გაგრძელება და ლინგვისტობა უნდა. ამჟამად ინგლისური და რუსული ენების კურსებს ესწრება. სკოლაშიც კარგად სწავლობს.