29 აპრილს ახალქალაქმა ცეკვის საერთაშორისო დღე ფესტივალით აღნიშნა. ინიციატორი კულტურის სახლის დირექტორი, ანსამბლ “ჯავახკის” სამხატვრო ხელმძღვანელი ალიკ ქსპოიანი იყო.
ფესტივალში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ყველა საცეკვაო ჯგუფს არ მიუღია მონაწილეობა.
ფესტივალის დაწყებამდე მონაწილეებმა და სტუმრებმა ახალქალაქის ცენტრალური პარკის „ხას ბახჩას“ გავლით მსვლელობა გამართეს და ღონისძიებაც დაიწყო.
ღონისძიებას ახალქალაქის სომხური და ქართული ეკლესიების სასულიერო პირები, მერის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის სხვა პირები ესწრებოდნენ.
„უკვე დიდი ხანია ცეკვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ, მაგრამ არა ასეთი მასშტაბით. გასულ წელს ფესტივალი 689 მოცეკვავით აღვნიშნეთ, წელს 738 მოცეკვავე გვყავს და რეკორდიც დავამყარეთ. შედარებით ცივი ამინდის გამო ცეკვის მომზადება ბევრმა სოფელმა ვერ მოახერხა და სოფლების დაახლოებით 40% ფესტივალში არ მონაწილეობდა“, – განმარტა აშუღ ალიკ ჯავახკმა.
აშუღმა შემთხვევით ისარგებლა და ყველა ქორეოგრაფს, მოცეკვავეს, მშობელს, მაყურებელს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სახლში ციოდა, ღონისძიებას მაინც დაესწრნენ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, დახმარებისა და გვერდში დგომისთვის, სულიერ მამებს და ყველა დანარჩენს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.
სხვადასხვა საცეკვაო ჯგუფმა როგორც სომხური, ისე ქართული ცეკვები შეასრულა.
ღონისძიების დასასრულს მერიამ სოფლის ცეკვის კოლექტივებსა და ქორეოგრაფებს დიპლომები გადასცა.
1982 წლიდან, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 29 აპრილს ცეკვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რადგან გამორჩეული ფრანგი ქორეოგრაფი ჟან-ჟორჟ ნოვერი ამ დღეს დაიბადა. მას იცნობენ როგორც ქორეოგრაფიული ხელოვნების რეფორმატორსა და თეორეტიკოსს, რომელიც ისტორიაში „თანამედროვე ბალეტის მამის“ სახელით შევიდა.
ყოველწლიურად 29 აპრილს მსოფლიო ცეკვის, ოპერისა და ბალეტის თეატრები, თანამედროვე ცეკვის ჯგუფები და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები თავიანთ პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ.