დირექტორთა სააპელაციო ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორობის კანდიდატების გასაუბრების განრიგი გრძელდება.

ახალი განრიგის მიხედვით, დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 28 აპრილამდე გაგრძელდება.

გასაუბრების განრიგს შეგიძლიათ ბმულზე გაეცნოთ.

გასაუბრების თარიღი განმცხადებლის მიერ საჯარო სკოლის დირექტორის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით უნდა დადასტურდეს.

თუ დირექტორობის მსურველს უნიკალური კოდი არ ახსოვს, შეუძლია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკოს – 2 200 220 – ან კოდი ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge – გადაამოწმოს.

სკოლის დირექტორობის მსურველებს გასაუბრების განრიგის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე ელექტრონული ფოსტით ავრცელებს.

განათლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორთა გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებული 3 205 კანდიდატიდან გამოცდაში 1 839 პირი მონაწილეობდა.

2022 წელს საჯარო სკოლების დირექტორთა თანამდებობაზე კანდიდატების ატესტაციის პროცესი დაიწყო, რომელიც ორ ეტაპს მოიცავს: ტესტირება და გასაუბრება. კანდიდატები გასაუბრებისას მონაწილეობის უფლებას მაშინ მიიღებენ, თუ ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს გადალახავენ. ტესტის მაქსიმალური ქულა – 80, თუ კანდიდატი მის 60 პროცენტს დააგროვებს, შემდეგ ეტაპზეც გადავა.