ახალქალაქის ოთხი სკოლის კურსდამთავრებულებმა დღეს, 19 აპრილს, ბოლო ზარზე ღონისძიების ჩატარების ნებართვის თხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს მიმართეს. ისინი თანახმა არიან ღონისძიება გარკვეული შეზღუდვებით ჩაატარონ, მთავარია არ აიკრძალოს.
დღეს, 19 აპრილს, დილით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ბოლო ზარის ღონისძიება წელს სკოლაში ონლაინ ჩატარდება, ახალქალაქის ოთხი სკოლის კურსდამთავრებულები საგანმანათლებლო რესურსცენტრში მივიდნენ, რათა ღონისძიების ჩატარების ნებართვა ეთხოვათ, თუნდაც შეზღუდვების დაცვით…
კურსდამთავრებულების თქმით, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრი დაკეტილი დახვდათ, რადგან ისინი ონლაინ მუშაობენ. ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორმა, მანუჩარ მიქელაძემ კურსდამთავრებულებს უთხრა, რომ მათ შეუძლიათ ღონისძიების ონლაინ ჩატარება. შემდეგ თხოვნით მიმართეს მერს, იურიკ უნანიანს, მაგრამ მან თქვა, რომ ვერაფრით დაეხმარება, უნდა მიმართონ განათლების სამინისტროს.
“ჩვენ გვსურს ოფიციალურად მოგვცენ უფლება მცირე ღონისძიება გავმართოთ, მხოლოდ მოსწავლეების და პედაგოგებისთვის მაინც. ყოველდღე ვხედავთ ერთმანეთს და ერთ ოთახში ვსხდებით, ყოველ შემთხვევაში, კლასებმა ცალ-ცალკე მაინც ჩაატარონ ღონისძიება”, – თქვა დამამთავრებელი კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ.
სკოლის მოსწავლეები ძალიან განაწყენდნენ. 2 თვის განმავლობაში რეპეტიციები ჰქონდათ და ბოლო ზარისთვის ემზადებოდნენ.
”ბოლო ზარის ვალსის გამო მე-9 კლასიდან აღარ გავედი, თორემ სკოლაში სიარული ზედმეტი იყო, კოლეჯში არ მივედი და ახლა ღონისძიების ჩატარების უფლებას არ გვაძლევენ. 12 წელი ვსწავლობდით იმ იმედით, რომ თანაკლასელებთან ვალსს ვიცეკვებდით, ნიღბებით, დისტანციის დაცვით “, – თქვა სხვა მოსწავლემ.
”როგორ თუ აკრძალულია, ორი თვის განმავლობაში ყოველდღე ვვარჯიშობდით, ვსწავლობდით, მე ლექსიც კი ვისწავლე”, – ამბობს კიდევ ერთი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე.
წლეულს ქალაქ ახალქალაქში N1 სკოლას ერთი დამამთავრებელი კლასი ჰყავს, N2 და N4 სკოლას – ორი, ხოლო N3 და N5 სკოლებს – ერთი.