ბილინგვური განათლების პროგრამის მნიშვნელობა ჯავახეთში განსაკუთრებით გაიზარდა. რეგიონში ბევრი მოსწავლეა, რომლებმაც ბილინგვური-მასწავლებლის პროფესია აირჩიეს. ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია დაწყებითი კლასების საგნობრივი ჯგუფის ის მასწავლებელი მოამზადოს, რომელიც თავისუფლად ფლობს 1-4 კლასების მშობლიურ ენას (სომხურ/აზერბაიჯანულს), ქართულს, როგორც მეორე ენას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას.
Jnews-ი მომავალ მასწავლებლებს მათ არჩევანზე, პროფესიის მნიშვნელობასა და არსებულ სირთულეებზე ესაუბრა.
კატია ანანიკიანი ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპასოვკადანაა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მულტილინგვური განათლების მესამე კურსზე ფსიქოლოგია-პედაგოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. მისი თქმით ჯავახეთის ყველა სოფლის მსგავსად, მათ სოფელშიც ენობრივი ბარიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში სომხები და ქართველები ცხოვრობენ. ახსოვს, როგორ ესაუბრებოდა მისი ქართველი მეზობელი, მაგრამ არაფერი ესმოდა. ასეთი შემთხვევების გამო მან ენობრივი პრობლემების აღმოფხვრა მიზნად დაისახა.
“ჩემი გადაწყვეტილება დაგეგმილი არ იყო. თავდაპირველად ქართული ენის ენათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მოსამზადებელი კურსის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, როცა უკვე ის ფაკულტეტი უნდა ამერჩია, რომელზე სწავლასაც გავაგრძელებდი, გავიგე, რომ ჩვენს უნივერსიტეტს ახალი განყოფილება ჰქონდა, რომლის დასრულების შემდეგაც დაწყებითი კლასების ბილინგვური მასწავლებელი გახდებოდი. მივხვდი, რომ სწორედ ამას ვეძებდი, რადგან ძალიან მინდოდა ბავშვებთან მუშაობა და ადრეული ასაკიდანვე იმ ცოდნის გაზიარება, რომელიც მოგვიანებით ფუნდამენტის სახით დასჭირდებათ. ჩემი ერთ-ერთი მიზანი ბავშვებში მოტივაციის და სახელმწიფო ენისადმი სიყვარულის გაზრდაა”.
კატია იხსენებს სხვადასხვა სოფელში ცატარებულ ტრენინგებს და სოფლის ბავშვებს, რომლებმაც ელემენტარული რაღაცეებიც კი არ იცოდნენ და ფიქრობდნენ, რომ მომავალში ქართული ენის ცოდნა არ დასჭირდებოდათ.
ისაუბრა საკუთარ თავსა და ყველა იმ სიძნელეზე, რომლის გადალახვაც ასეთი აზროვნების გამო მოუწია. დღეს ის ბავშვებში დამკვიდრებულ მცდარ მოსაზრებებს ებრძვის.
„არ მინდა წინ გავუსწრო დროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩემი პროფესიით ვიმუშავებ და თაობების აღზრდაში წვლილს შევიტან“.
ანი ავეტისიანმაც ბილინგვური მასწავლებლის პროფესია აირჩია. ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამიდან არის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.
„ბავშვობიდან მინდოდა მასწავლებელი გავმხდარიყავი, რადგან ყოველთვის მქონდა სურვილი, სხვისთვის მესწავლებინა ის, რაც წლების განმავლობაში შევითვისე. მიზნისკენ ვისწრაფოდი და დღეს მულტილინგვური განათლების მესამე კურსზე ვარ ფსიქოლოგია-პედაგოგიის ფაკულტეტზე“.
ანის თქმით, მისი სოფლის სკოლის მოსწავლეები მეტ-ნაკლებად ქართულად საუბრობენ, რადგან ქართველ ბავშვებთან ურთიერთობენ. მიიჩნევს, რომ მის რეგიონს ბილინგვა-სპეციალისტები აკლია, მოსახლეობის უმეტესობა ქართულად არ საუბრობს და ამის მიზეზი- უხარისხო განათლებაა.
„როდესაც ეს ფაკულტეტი ავირჩიე, ჩემი მშობლებიც და გარშემო მყოფებიც „მომხრეები“ იყვნენ, რადგან ამ სფეროში მხედავდნენ. ჩვენს ფაკულტეტზე საკმაოდ ბევრი სომეხი სწავლობს, რაც ძალიან მახარებს, რადგან სამომავლოდ უმაღლესი განათლების მქონე მასწავლებლები გვჭირდება. სასწავლო პროცესში ბევრი სირთულეა გადასალახი: ენობრივი ბარიერები, ინტეგრაცია და ა.შ. დასრულების შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები და შევეცდები არსებული პრობლემები მოვაგვარო“.
ანის ცხოვრებაში მისი მომავალი პროფესია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან მისი მიზნები და ოცნებები მასთან არის დაკავშირებული და დარწმუნებულია, რომ ბილინგვა-მასწავლებლის პროფესია მოთხოვნადი და აქტუალურია.
ბილინგვა-მასწავლებლის პროფესია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანიდან შირაზ ჩახოიანმაც აირჩია, რომელმაც დაწყებითი განათლება სოფლის საჯარო სკოლაში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ შირაზმა გადაწყვიტა, რომ აუცილებლად დაბრუნებულიყო ჯავახეთში.
„ძალიან ბევრი სირთულეა, როგორც ენის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ეს პროფესია იყო და რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ და უმნიშვნელოვანესად. რა თქმა უნდა, არის მამაკაც-მასწავლებელთან ასოცირებული სტერეოტიპები, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავად უნდა აღმოვფხვრათ ეს სტერეოტიპები, რადგან პროფესიის მიღებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ არა სქესს, არამედ ადამიანის პროფესიონალიზმს, საქმის ერთგულებას. იქნება ის მასწავლებელი, ფერმერი თუ მშენებელი“.
ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან მუშაობა მეტ პასუხისმგებლობას და პროფესიულ უნარებს მოითხოვს, წარუმატებლობის შემთხვევაში კი შედეგები შეუქცევადია და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომავალში მასწავლებლები გახდნენ.
Jnews-ი თსუ-ს ფსიქოლოგიური, პედაგოგიური და ჰუმანიტარული ფაკულტეტების მასწავლებელს ზოია მხითარიანსაც ესაუბრა. მისი თქმით, ბილინგვური საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა ადვილად დაძლიონ ენობრივი ბარიერი, ხოლო როგორც მოზრდილებმა გააცნობიერონ, რომ გარკვეული სირთულეები უნდა გადალახონ. ისინი ხომ ქართულის, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები გახდებიან.
ქალბატონი მხითარიანი აღნიშნავს, რომ პროფესორები განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ, მაგრამ პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ განათლების სისტემა იმ სომეხი მასწავლებლებით სათანადო დონეზე შეივსოს, რომლებიც სომხურად და ქართულად საუბრობენ.
ზოია მხითარიანი სომხურს, ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდებს ასწავლის. სომხური სტუდენტების მშობლიური ენაა და ასე ნებისმიერ პრობლემას მეტ-ნაკლებად გადალახავენ.
„ამ პროფესიის მოსწავლეები დღევანდელი განათლების სისტემის ელჩები უნდა იყვნენ; მათ უნდა შეავსონ სკოლებში ქართველი და სომეხი მასწავლებლების დეფიციტი, რადგან უნივერსიტეტში სწავლისას, გარდა ნასწავლი საგნებისა, ისინი ეცნობიან როგორც საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ისე შეტანილ ცვლილებებს, მეთოდოლოგიურ სიახლეებს, განათლების სამინისტროს მოთხოვნებს გაკვეთილების გეგმებისა და მატრიცების შექმნის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზთა გამო ყველა მასწავლებელმა ამ საკითხზე არაფერი არ იცის”.
როგორც მრავალწლიანი გამოცდილებისა და დამსახურების მქონე მასწავლებელი, ზოია მხითარიანი სკოლის დირექტორებს და სამეურვეო საბჭოებს მოუწოდებს, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ, ახალი თაობის მასწავლებლები მიიღონ. შესაძლოა, სამუშაო გამოცდილება არ ჰქონდეთ, მაგრამ ეს ახალი ძალა, სიახლე და ენერგია იქნება როგორც მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.
„გავიგე, რომ ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი მიზეზების გამო სამსახურში არ მიიღეს. ვთვლი, რომ ეს არასწორი მიდგომაა. საჭიროა ახალგაზრდა თაობას გზა დავუთმოთ, რადგან მჯერა მოლოდინს გაამართლებენ“, – აცხადებს ზოია მხითარიანი.