ახალქალაქის კულტურის ცენტრი მშენებლობის დასრულების შემდეგ არ გარემონტებულა. ამჟამად ბავშვები იქ რეპეტიციებს გადიან და სწავლობენ, მაგრამ ძალიან ცუდი პირობებია. როგორც ახალქალაქის მერიაში განმარტავენ, კულტურის სახლის გარემონტების პროექტი ამ დრომდე არ აქვთ.
გარდა იმისა, რომ შენობაში ძალიან ცივა, გაკვეთილებისა და რეპეტიციებისთვის შესაფერისი პირობები არ არის. ცეკვის გაკვეთილები ცივ ოთახებში ტარდება, სადაც იატაკი დანგრეულია და მხოლოდ ძველი კარადების სარკეები აქვთ. შეეცადნენ ოთახი ოდნავ მაინც დაემსგავსებინათ საცეკვაო დარბაზისთვის.
კულტურის სახლის წარმომადგენლებმა ხის დაფებით შეავსეს დერეფნების ის მონაკვეთები, სადაც ძალიან დიდი ხვრელები იყო.
სველი წერტილი სანიტარულ და ჰიგიენურ პირობებს არ აკმაყოფილებს, იატაკზე ფილები დამტვრეული და მოხსნილია, კედლები გაცვეთილია.
Jnews-ი შეეცადა მერიისგან გაეგო, კულტურის სახლის გარემონტება იგეგმება თუ არა.
მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსმა ვალერი სტელმაშოვმა განაცხადა, რომ წელს კონკრეტული სარემონტო პროექტი არ შექმნილა.
„კონკრეტული პროექტი ან საკმარისი თანხები არ გვაქვს, მაგრამ იდეები უკვე გაჩნდა. ტერიტორია ძალიან დიდია და ბევრი ფულია საჭირო. ამჟამად ქალაქის ქუჩებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგვპირდნენ, რომ შენობის ფასადს გაარემონტებენ, კარ-ფანჯრებს გამოცვლიან და ეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა იქნება. დანაზოგი თუ გვექნება, პრობლემაზე ვიმუშავებთ”,- განმარტა ვალერი სტელმაშოვმა.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
ახალქალაქის კულტურის სახლი 40 წელია რემონტს ელოდება