სოფელ ვარევანიდან კოკიომდე 5 კილომეტრიანი გზა გამოცდაა იმ მძღოლებისთვის, რომლებმაც არ იციან როგორ აიცილონ ერთი ორმო და არ ჩავარდნენ მეორეში. ამ ადგილის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას საკმარისი თანხები ჯერ არ აქვს.

ახალქალაქიდან სოფელ ვარევანამდე მოასფალტებულ გზას შეჩვეული მძღოლები ალასტანისკენ მიმავალ გზაზე ნერვიულობას იწყებენ. “ცივილიზაციის დასასრული”, – აფასებს ტაქსის მძღოლი, როგორც კი სოფელ ვარევანში ასფალტი ცუდი გზით იცვლება. ტაქსის მძღოლები ამ სოფლებს, განსაკუთრებით წვიმის დროს ერიდებიან, რადგან ღრმა ორმოები წყლით ივსება და უცნობია, როგორი „სიურპრიზი“ ელის მანქანას ამ „ტბებსა“ და „ზღვებში“. სოფლების მცხოვრებლები, რომლებიც მძიმე პირობებმა დაღალა, სახლებს ტოვებენ და ქალაქის მაგივრად, სხვა ქვეყანაში გადადიან. ნორმალური გზის არქონა მიგრაციისა და უიმედობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი თეთრობი და ჩუბარეთი, ამ ტერიტორიაზე მდებაროებს, განსაკუთრებული სურვილი არ ყოფილა, რომ ეს ულამაზესი ადგილები ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. თეთრობში მიმავალი ტურისტული მარშრუტები და ხის კოტეჯები, რომლებიც ამ სოფლების ზემოთ ტყეებში მდებარეობს, მალე ექსპლუატაციაში შევა. ჯერჯერობით სოფლებში შესაძლებელი სასტუმრო სახლების, ტურისტებისთვის კვების ობიექტების და სხვა მომსახურებების მოწყობის აუცილებლობასა და ადგილობრივებისთვის შემოსავლის წყაროს შექმნაზე არ უფიქრიათ. მაგრამ იმედოვნებენ, რომ ტურიზმის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ადგილებში ნორმალური გზა დაიგება. ზამთარში კონკრეტული მონაკვეთი ყოველთვის თოვლით არის დაფარული და გაწმენდას საჭიროებს.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, წელს გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი და საკმარისი თანხები არ აქვთ.

“ტერიტორია ვნახე, დიახ, გზა საშინელ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ასეთი საშინელი გზა ბევრგან გვაქვს. პროექტის “სოფლის განვითარების” ფარგლებში სოფლები მოვინახულეთ და მცხოვრებლებს შევხვდით. გასულ წელს პროექტი მხოლოდ სოფელ ვარევანს მოიცავდა. ახლა პროექტების შედგენაზე ახალი ტენდერი გამოვაცხადეთ. პირველ ეტაპზე, გამარჯვების შემთხვევაში, სოფელ ვარევანიდან სოფელ კოკიომდე საერთო პროექტი გვექნება. დანარჩენი კი უკვე არსებულ ფინანსებზეა დამოკიდებული. ვერ ვიტყვი,  ტენდერი წელს გამოცხადდება თუ არა, ან ასფალტირება გაკეთდება თუ არა. წელს მხოლოდ დასრულებული პროექტი გვექნება, მაგრამ მომავალ წელს შევეცდებით დაწყებული სამუშაო ეტაპობრივად გავაგრძელოთ”, – განაცხადა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.

სანამ ასფალტებისთვის თანხები გამოჩნდება, ალასტანს ალბათ კიდევ ორი ​​ოჯახი დატოვებს.