ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სკოლაში სწავლა ერთ ცვლაში სექტემბრიდან დაიწყო. სკოლის გვერდით ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხუთი ახალი კლასი აშენდა. ამ სკოლაში 108-მდე მოსწავლე სწავლობს.
აშენდა 5 საკლასო ოთახი, ტუალეტი, რომელიც ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
ახალ საკლასო ოთახებში ავეჯი ძველია. თუმცა სკოლის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ წლეულს ახალ ავეჯს მიიღებენ: სკამებს, მაგიდებს, დაფებს და ა.შ.
სკოლის ახალაშენებულ ნაწილს აქვს ცენტრალური გათბობა, ამიტომ დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ახალ კლასებში სწავლობენ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივნისში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრაში, საქველმოქმედო ფონდ Caritas Georgia-ს და გერმანული Renovab-ის ხარჯებით სკოლის გვერდით საკლასო ოთახების მშენებლობა დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი Caritas Georgia კათოლიკურმა ეკლესიამ დააარსა. ორგანიზაციის მისიაა საქართველოს მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქველმოქმედება, სამართლიანობა, ადამიანური ფაქტორის განვითარების ხელშეწყობა, თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემა.
ბავრის საჯარო სკოლას ყოველთვის აკლდა საკლასო ოთახები და ბავშვებს სკოლაში ორ ცვლაში უწევდათ მეცადინეობა. სკოლაში მხოლოდ 7 კლასი იყო, მასწავლებლის ოთახი და კომპიუტერული კლასი. მეორე ცვლაში წასული მოსწავლეები ჩიოდნენ, რომ გაკვეთილებზე შუადღისას მიდიან, ამიტომ დღის ორგანიზებას ვერ ახერხებენ. ორ ცვლაში სწავლა რთული იყო არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლას საკლასო ოთახების სიმცირის პრობლემა აღარ აქვს, სკოლის მთავარ შენობაში ბევრი პრობლემაა. ის კაპიტალურ რემონტს საჭიროებს.
ამ თემაზე მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ სტატიებში:
სკოლის გაკვეთილები 9 საათიანი ხანგრძლივობით
ბავრის სკოლის გვერდით ახალი საკლასო ოთახები შენდება
ბავრის სკოლას შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი საკლასო ოთახები