ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო საავტომობილო გზის საწყისი მონაკვეთი ისევე, როგორც ბევრი სხვა ნაწილი, ორმოებით არის სავსე. გზატკეცილთან მცხოვრები მოსახლეობა შექმნილი პრობლემების გამო ჩივის. Jnews-ი საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, აპირებდნენ თუ არა ამ გზატკეცილზე კაპიტალური რემონტის ჩატარებას.
ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო გზა რეაბილიტაციას საჭიროებს. იგი 2010 წელს დაიგო. მას შემდეგ კაპიტალური რემონტი არ გაუკეთებიათ, ზოგიერთ ზონა მხოლოდ ნაწილობრივად გაარემონტეს. გზის მონაკვეთი ყოფილ 1-ელ სამხედრო ბანაკთან, ქალაქის შემოვლით გზასთან ახლოს, დანგრეულია, ყველგან ღრმა ორმოებია.
მოსახლეობის თქმით, დახმარებისთვის შესაბამის ორგანიზაციებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა არ გვარდება. ახალქალაქი-კარწახის გზაზე ყოველწლიურად მუშაობენ ორმოებზე, მაგრამ ყოველი ზამთრის შემდეგ ორმოები ღრმავდება და გზა მეტად ინგრევა.
2023 წლის ზამთრის შემდეგ სოფელ დადეშის კვეთიდან ბოზალამდე გზის მონაკვეთი ინგრევა, ასფალტი ადგილ-ადგილ დაიბზარა და ქვიშა ამოვიდა, ზოგ ადგილას ბორცვები გაჩნდა, რომლებიც მანქანების მოძრაობას ხელს უშლიან და აფერხებენ. გზამ ვერც მძიმე სატვირთო მანქანებს გაუძლო, რომელთა რაოდენობაც გასული წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ გზის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულნი არიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, პავლე გამყრელიძემ Jnews-ს აცნობა, რომ პრობლემაზე მუშაობენ.
„ცნობილია, რომ ზამთრის შემდეგ გზის 10 კმ-იანი მონაკვეთი ძლიერ დაზიანდა, იგი ჩვენმა სპეციალისტებმაც შეისწავლეს. უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო პროექტის შედგენას ვგეგმავთ, რომელიც საფუძვლიანი, სრული და გამართული იქნება. დოკუმენტაციის მოწესრიგებასთან ერთად სამუშაოს დაწყების საკითხიც განიხილება და ეს მონაკვეთი დროებით მოწესრიგდება, რადგან რეაბილიტაციის პროექტის მომზადებას დრო სჭირდება. როდესაც პროექტი მზად იქნება, ტენდერს გამოვაცხადებთ“, – განაცხადა პავლე გამყრელიძემ.
მისივე თქმით, რეაბილიტაცია დადეშ-კარწახის გზის მონაკვეთსაც ჩაუტარდება.
„დადეშ-კარწახის მონაკვეთიც შედის პროექტში. აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, ეს ნაწილი მაქსიმალურად მოწესრიგდება, რათა მძღოლებმა წესისამებრ იმოძრაონ, სანამ საფუძვლიანი სამუშაოები არ ჩატარდება“,- განმარტა პავლე გამყრელიძემ.
ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილმა სატვირთო მანქანების დატვირთვას ვერ გაუძლო