სოფელ მურჯახეთის ხიდის შესანარჩუნებლად, რომელიც ისტორიული მემკვიდრეობაა, ახალი ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში დაიწყო, ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი კი 2022 წლის ნოემბერი იყო, თუმცა ამინდის პირობების გამო გადაიდო. ამჟამად სამშენებლო კომპანია მუშაობის გასაახლებლად მერიის განკარგულებას ელოდება.
საავტომობილო-საფეხმავლო ხიდს სახელმწიფო სახსრებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით აშენებენ. სამშენებლო ტენდერში შპს „მშენ+“-მა 584 350 ლარით მოიგო – 49 218 ლარი მუნიციპალიტეტის ინვესტიცია, 535 132 ლარი სახელმწიფოს.
პასუხისმგებელმა კომპანიამ „მშენ+“-მა Jnews-ს აცნობა, რომ სამუშაოების დაწყების თარიღს მერია შეატყობინებთ.
ახალქალაქის მერიაში კი განაცხადეს, რომ მშენებლობის განახლების შესახებ განკარგულებას მაისში გასცემენ.
„ერთადერთი რამ, რაც გასაკეთებელი დარჩათ ასფალტირებაა და, რადგან ასფალტის ქარხანას მხოლოდ “ჯავახავტოგზა” ფლობს, როცა ქარხანა ამუშავდება, მაშინ შეძლებენ მშენებლობის დასრულებას. წერილსაც დავწერთ, გავაგზავნით და საკითხს 15 დღეში მოაგვარებენ”,- განმარტა მერმა მელქონ მაკარიანმა.
ახალი ხიდი ძველთან შედარებით 1 მ მაღალი იქნება და 2,80 მ-ს შეადგენს, სიგანე – 5 მ. ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარიც აშენდება, ორივე მხარეს ბეტონის ღობეები განთავსდება, ხიდი მოასფალტდება და მთავარ გზას დაუკავშირდება.
ძველის ახალი ხიდისგან განსხვავებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მის აღდგენას ნებართვა, ბევრი ფული და დიდი დრო სჭირდება, რადგან უკვე ნადგურდება. ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი ხიდის აშენება გადაწყვიტა, რათა ისტორიული ძეგლი მთლიანად არ ჩამოინგრეს.