აბრაამ ბაბიკიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აიაზმადან არის და ინსტაგრამის მომხმარებლები თავისი კულინარიული ბლოგით მადაზე მოჰყავს. ბლოგზე სხვადასხვა კერძს, სომხურს, ქართულს, ტრადიციულს, ხალხურს, ამზადებს და აგემოვნებს. საკუთარ თავს რთული მიზანი დაუსახა.
აბრაამი სწავლის დამთავრებამდე წალკაში ცხოვრობდა. მრავალშვილიანი ოჯახიდან არის – ცხრა შვილიდან მეექვსეა. სწორედ ოჯახმა ჩაუნერგა მას შემოქმედებისადმი სიყვარული.
„ბავშვობაში მხატვრობაზე, მოგზაურობაზე, მზარეულობაზე ვოცნებობდი. მამაჩემი ხელოვანი იყო, მეც ძალიან მინდოდა ამ გზას გავყოლოდი. სამზარეულოს სიყვარული კი ბებიამ ჩამინერგა. ბევრს და გემრიელად ამზადებდა, მე კი მივდიოდი და ყველაფერში ვერეოდი“, – ჰყვება იგი.
თუმცა, ბედისწერა ისე წარიმართა, რომ აბრაამი კულინარიულ ხელოვნებამდე რთულად მივიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ თსუ-ში ჩააბარა, სადაც მოსამზადებელი კურსის შემდეგ არქიტექტურა უნდა ესწავლა. თუმცა გადაიფიქრა და 2014 წელს სომხეთში გადავიდა, კულინარიულ სკოლაში ჩაირიცხა და 2016 წელს ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის ერევნის ფილიალში საბანკო საქმეზე ჩააბარა.
სომხეთში გადასვლა, აბრაამის თქმით, ატმოსფეროს შეცვლის, ახლის განცდის სურვილმა გამოიწვია:
„იცით, ეს ბედისწერას ჰგავს. თბილისიდან რომ არ წამოვსულიყავი და ერევანში არ ჩავსულიყავი, არ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. დიდი ალბათობით, არქიტექტორი გავხდებოდი“.
აბრაამი პერიოდულად მზარეულად, სხვასხვა სფეროში მუშაობდა. ერთ დღეს გადაცემის „ცხელი სამზარეულოს“ გადასაღებ მოედანზე რეკლამას წააწყდა. შერჩევითი ეტაპი გაიარა და შოუში მოხვდა, ფინალში გავიდა და მე-2 ადგილი დაიკავა. პრიზის სახით იერემიანის აკადემიაში განათლება უფასოდ მიიღო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის სფეროში. 2020 წელს უნივერსიტეტი და აკადემია ერთდროულად დაამთავრა.
შეიძლება ითქვას, რომ კულინარიულ შოუში წარმატებულმა მონაწილეობამ აბრაამს ახალი სუნთქვა აჩუქა და კულინარიისადმი უფრო ძლიერი ინტერესი აღუძრა. 2023 წელს გადაწყვიტა საკუთარი კულინარიული ბლოგის პოპულარიზაციაზე ეზრუნა და რამდენიმე თვეში 13 000 გამომწერი დააგროვა.
View this post on Instagram
„აუდიტორიის ნახევარი სომხური დიასპორის წარმომადგენელია. წერენ, რომ ვიდეოები ბავშვობის გემოს ახსენებთ, რომელსაც ჩემი რეცეპტით ამზადებენ. ახლა ბლოგით უფრო მეტად დავინტერესდი, რადგან ვფიქრობ, რომ მომავალი სოციალურ ქსელებშია“, – გვიზიარებს კულინარი.
ამჟამად აბრაამი მზარეულად არ მუშაობს, კულინარიით მხოლოდ ბლოგზეა დაკავებული. პერიოდულად სახლში მომზადებულ საკონდიტრო ნაწარმს რესტორნებში აბარებს.
„ყველაფერი სომხური ქადით დაიწყო. მეგობარმა კაფე გახსნა, ნამცხვრები სჭირდებოდა. ბებიის ტრადიციული ქადა მოვამზადე, მივეცი და გაყიდა“.
აბრაამს ტკბილეულობა ძალიან უყვარს და კულინარიული შთაგონებაც გემრიელი საკვების სიყვარულიდან მოდის.
„გემრიელი საჭმელი მიყვარს და წარმოვიდგენ გემოს რა გააუმჯობესებს, როგორ ვჭამ. ვცდილობ ბავშვობის გემო გავაცოცხლო, სომხური რაღაც საინტერესოსთან გავაერთიანო, ძველი კერძები გავიხსენო და ხალხს წარვუდგინო ის, რაც მიყვარს, რაც ჩემთვის გემრიელია“, – გვიზიარებს კულინარი.
ჯავახეთის სამზარეულოს თავისებურებებზე საუბრისას სპეციალისტი აღნიშნავს:
„ჯავახური სამზარეულო იმდენ სანელებელს არ იყენებს, რამდენსაც ქართული. ეს უფრო ნათელი და მარტივია. საკვებს ბუნებრივი გემო აქვს, რადგან ამ პროდუქტებს სანელებლებით შეცვლი. ყველაზე მეტად ცხვრის ხაშლამა მიყვარს, ჩვენი ხორცი ძალიან გემრიელია. სომხურთან ბევრი მსგავსებაა, ზოგჯერ განსხვავება მხოლოდ სახელებშია. ჩვენი წინაპრები ძირითადად დასავლეთ სომხეთიდან გაიქცნენ, ამიტომ კერძები მათ სამზარეულოს ძალიან ჰგავს. მსგავსება გიუმრის სამზარეულოსთანაც გვაქვს“.
აბრაამი თვლის, რომ ნებისმიერ სამზარეულოს უმკლავდება, მაგრამ ყველაზე მეტად, სომხური და ქართულის შემდეგ, იტალიური სამზარეულო უყვარს. მისი აზრით, იტალიური და სომხური სამზარეულო მსგავსია იმით, რომ სხვადასხვა კერძებს ქმნის არა კონკრეტული ადამიანი, არამედ ხალხი, ისტორია, ტრადიციები, განსხვავებით ფრანგული სამზარეულოსგან, რომელსაც ძირითადად შეფები ქმნიდნენ.
აბრაამის მიზანი სომხური კერძების უფრო მეტ ადამიანისთვის გაცნობაა:
„ჩემი მიზანია წარმოვაჩინო სომხური სამზარეულო უფრო საინტერესო კუთხით, გავხადო ის უფრო პოპულარული და გავაცოცხლო, რადგან ზოგჯერ ავიწყდებათ იგი.”