ახალქალაქში გიორგი და სვეტა იმ მცირერიცხოვან მშობლებს შორის შედიან, რომლებსაც შვილის ზრდისას პრობლემები შეექმნათ, მაგრამ იპოვეს ძალა, არ გაჩუმდნენ, სიტუაცია შეისწავლეს და გახსნეს ცენტრი, რომელიც მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვებს ეხმარება.

განვითარების შეზღუდვის მქონე ბავშვები როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის იშვიათობა აღარ არის. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-60 ბავშვი განვითარების შეზღუდვით იბადება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი ასეთი 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. ამ საკითხში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მენტალიტეტი და საკმარისი ინფორმაციის არქონაა; ახალქალაქის მცხოვრებლებს საკუთარ თავთან აღიარება, რომ ბავშვს პრობლემები აქვს, ხშირად უჭირთ. ისინი ან თვალს არიდებენ პრობლემებს, ან ცდილობენ დამალონ ის.


335055764_595367635847422_234388244304542912_n

სვეტა და გიორგი მაშინ გამოფხიზლდნენ, როცა შენიშნეს, რომ ბავშვი არ თამაშობდა, არ საუბრობდა, მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა.

„ბავშვი არ თამაშობდა, არ შემოდიოდა ურთიერთობაში, სახლში სხვა ბავშვიც რომ ყოფილიყო, არასდროს ეთამაშებოდა. არ ვიცოდით რა გვექნა, ვისთვის მიგვემართა“,- ჰყვება გიორგი.

მაშინ, 4 წლის წინ, აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა. მშობლებმა ჯერ პედიატრს მიმართეს. უთხრეს, რომ ბავშვი სახელზე არ რეაგირებს, ამიტომ ნევროლოგთან გაგზავნეს. ზოგიერთი ექიმი ამბობდა, რომ ეს ასაკთან დაკავშირებული პრობლემებია და დროთა განმავლობაში გაივლის. მაგრამ რადგან ფიქრობდნენ, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა, სხვა სპეციალისტებს მიმართეს და ნელ-ნელა სიმართლეც დაადგინეს. გაირკვა, რომ ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. როგორც ნებისმიერ მშობელს, გიორგის და სვეტასაც გაუჭირდათ ამ ინფორმაციის მიღება.

„ნებისმიერი მშობლისთვის კატასტროფაა, რომდესაც ეუბნებიან, რომ შვილი ასაკის შესაბამისად არ ვითარდება. როგორც დედასთვის, სვეტასთვის, რა თქმა უნდა, უფრო რთული იყო, დღემდე, როცა ამაზე ლაპარაკობს, თვალები უცრემლიანდება. მე უფრო ძლიერი ვიყავი ამ საკითხში, ვფიქრობდი, სისუსტის უფლება არ მქონდა“, – იხსენებს გიორგი. ოჯახის ერთიანობა და თანადგომა პრობლემების მოგვარებისას ძალიან მნიშვნელოვანია.

დიაგნოზის დასმის შემდეგ გიორგიმ და სვეტამ ინტერნეტში ინფორმაცია მოიძიეს, ბავშვი თბილისში მეცადინეობებზე წაიყვანეს. აღნიშნავენ, რომ მეცადინეობების შემდეგ, ბავშვის ქცევაში განსხვავება მაშინვე შენიშნეს.


0S1A9813

„შვილს გავუგეთ და მივიღეთ. ყოველი მეცადინეობის შემდეგ იყო ცვლილება, ახლა თუ შეხედავთ, ვერც კი შეამჩნევთ როგორ შეიძლება ეს ბავშვი აუტისტი იყოს.”

თუმცა, თბილისში სიარულის ოჯახისთვის როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურად ადვილი არ იყო.

“რამდენი ხანი შეიძლება თბილისში ვიაროთ? 2-3 წელიწადი, მაგრამ ბავშვს მთელი ცხოვრება ვერ ატარებ. ორივენი ვმუშაობთ და ფინანსური საკითხიც დგება”, – ამბობს სვეტა.

აუტისტური სპექტრის აშლილობის სიმპტომების შეისწავლის შემდეგ გიორგიმ და სვეტამ მათ გარემოცვაში, ქუჩაში, მეგობრებთან, მეზობლებთან მსგავსი ბავშვები შეამჩნიეს. უმეტეს შემთხვევაში, ბავშვების მშობლები არ უფიქრდებოდნენ, რომ მათ შვილებს რაღაც უჭირდათ, ან უბრალოდ არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვენენ. წყვილს ახალქალაქში ბავშვთა განვითარების ცენტრის გახსნის იდეა მოუვიდა.


0S1A9820

„ვფიქრობდით, რომ ცენტრი პრობლემას მოაგვარებდა. ეს ამ საქმეში ყველაზე რთული ეტაპია და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მარტივი სივრცისა და ელემენტარული სათამაშოების მოძიება იყო“, – გვიზიარებს გიორგი.

ყველაზე რთული „ახალქალაქური მენტალიტეტი“ აღმოჩნდა. მშობლებს პრობლემის შემჩნევა არ უნდათ. თუ ამჩნევენ, საზოგადოებრივი აზრის შიშის გამო ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა არ უნდათ, ეშინიათ ვინმემ მათ პრობლემაზე არ გაიგოს.

„მშობლები შვილებით არ არიან დაკავებული. ჩვენთან თუ არა, სხვა ნებისმიერ ადგილას წაიყვანონ. ხანდახან სახლში მისვლას ვთავაზობთ, მაგრამ მშობლებს არც ეს სურთ, ამბობენ: „მეზობელი ნახავს, ​​ყველა გიცნობთ“ და ა.შ.”.

წყვილი აღნიშნავს, რომ ცენტრში გაკვეთილების გარდა, აუტიზმის მქონე ბავშვების განვითარებაში დიდ როლს თავად ოჯახი თამაშობს.

„ბავშვთან სახლში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვაფასებთ ღირს თუ არა ბავშვთან სახლში მუშაობა. მაგრამ თუ არ ვიმუშავებთ, ყოველ გაკვეთილზე თავიდან უნდა დავიწყოთ. სანამ ოჯახიც არ დაგვიჭერს მხარს, თუნდაც 50 ცენტრი იყოს ახალქალაქში და სპეციალისტები ისრაელიდან ჩამოვიყავნოთ, მაინც არაფერი შეიცვლება”.


0S1A9816

გიორგი ხაზს უსვამს, რომ აუტიზმი არ არის დაავადება, ეს მდგომარეობაა. მსოფლიოში უამრავი ცნობილი ადამიანია აუტიზმის დიაგნოზით, მათ შორის ლიონელ მესი, აბრაამ ლინკოლნი, ბილ გეითსი, ვან გოგი და ა.შ. ბავშვმა შეიძლება ზოგიერთ სფეროში, მაგალითად, ფოტოგრაფიაში ნიჭი გამოავლინოს, მაგრამ სხვებთან ურთიერთობა არ შეეძლოს.

„ეს ბავშვები ყველაზე დაუცველები, მგრძნობიარეები არიან. შეიძლება მდგომარეობა მათთვის უფრო რთული იყოს, ვიდრე შშმ პირისთვის. სამყაროსთან ადაპტაციაში დახმარება სჭირდებათ. ჩემი რჩევა იქნება, არ დანებდეთ, არ დაჯდეთ სახლში და არ იტიროთ, ინერვიულოთ. უნდა იყოთ ძლიერი და რაღაცის გაკეთებას მაინც შეეცადოთ“, – ამბობენ მშობლები.