მიზანდასახული და გაუტეხელი მოკრივე სამველ ღაზარიანი ევროპის ჩემპიონატზე მარცხის შემდეგაც არ ნებდება და მომავალ წელს მიზნების მისაღწევად ელოდება.
სამველ ღაზარიანმა, სოფელ ბავრადან, კრივში ვარჯიში 7 წლის ასაკში, 2012 წელს დაიწყო. მთავარი მიზეზი მისი მწვრთნელი, ბიძა იყო. თავდაპირველად კვირაში 3-ჯერ ვარჯიშობდა, პირველი შედეგების მიღწევის შემდეგ – ყოველდღე. 2019 წლიდან თავისი შრომის ნაყოფი თავადაც შეიგრძნო.
„ადგილობრივი შეჯიბრებების გარდა, საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილი დავიკავე, შემდეგ საქართველოს ჩემპიონიც გავხდი და ევროპის ჩემპიონატზე გავედი“, – ამბობს ის.
სამველი საქართველოს ჩემპიონი 2022-2023 წლებში გახდა. წელს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა და უჭირს დააზუსტოს, რატომ დამარცხდა.
”შეიძლება ბევრს არ ვვარჯიშობდი… თუმცა ასე არ იყო, ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმარისი არ გამოდგა. ოჯახს და მწვრთნელს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მოვიგებდი ან მედალს მაინც ჩამოვიტანდი“, – ამბობს სამველი.
თვითონაც აღიარებს, რომ დასუსტდა და ვერ მიაღწია იმას, რისთვისაც მთელი წელი ემზადებოდა. მაგრამ ცდიობს ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს, რადგან იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ამ ხარვეზს გამოასწორებს.
„ევროპის გარდა, არის მსოფლიო ჩემპიონატიც. ღმერთის წყალობით, ევროპის ჩემპიონატს მოვიგებ და მსოფლიოს ჩემპიონატშიც მივიღებ მონაწილეობას“, – ოცნებობს სპორტსმენი.
სამველი მიზნებს ისახავს და მათი მიღწევისაკენ ისწრაფვის. მიაჩნია, რომ პირველი მარცხისას სულით დაცემა და დანებება არასწორია.
„შედეგის მისაღწევად კიდევ უფრო მეტი ვარჯიშია საჭირო. ბევრი სპორტსმენია, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში შედეგს ვერ აღწევდნენ და შემდეგ, ერთ წელიწადში დაიპყრეს სიმაღლეები”,- განმარტავს სპორტსმენი.
სამველი სკოლას წელს ამთავრებს. გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, თბილისში ისწავლის, სპორტსაც გაჰყვება და საქართველოს ნაკრებში დარჩება. ახლა სამველი მოზარდების კატეგორიაში ასპარეზობს, მაგრამ 18 წელს გადაცილებული მოზრდილთა კატეგორიაში იასპარეზებს თუ არა, ჯერ უცნობია.
„მომავალი წლის შედეგებზეა დამოკიდებული არ იქნება. შესაძლოა კრივი დავტოვო, რადგან ზრდასრულთა კატეგორიაში, უფრო რთული იქნება. ვისწავლი, მინდა ინჟინერი გავხდე, ხატვაც მიყვარს“, – ჰყვება სამველი.
ფეხბურთი და ცურვაც უყვარს. აღიარებს, რომ მისთვის სპორტი “ცხოვრებაა”.
სამველი თვლის, რომ კრივი მხოლოდ ფიზიკური სიძლიერე არ არის, აქ გამოცდილება და ინტელექტი დიდ როლს თამაშობს.
„კრივი ინტელექტუალური სპორტია. რამდენიც გინდა დაარტყი, არ გამოგივა, თუ წინ უფრო გამოცდილი მოთამაშე გყავს. რინგი გკარნახობს რა უნდა გააკეთო და ეს უნდა გესმოდეს. უბრალოდ დარტყმა არაფერია”.
თამაშების წინ ის თავს შემდეგნაირად იმხნევებს: „არ შეიძლება დაძაბვა, არ შეიძლება მოწინააღმდეგის არდაფასება, არ შეიძლება საკუთარი თავის არდაფასება. დიახ, ის ძლიერია, მაგრამ შენზე ძლიერი – არა“.