რიფსიმე ოვანოგლიანი ერთ-ერთი იმ ქალთაგანია, რომელიც ოჯახს, სწავლას, კარიერას, თვითგანვითარებას ერთმანეთს უთავსებს. სწავლის დასრულების შემდეგ ერევნიდან საქართველოში გადავიდა და ფინანსების წამყვანი სპეციალისტი გახდა. 2022 წელს რიფსიმემ ზრდასრულთა განათლების ცენტრების ქსელის საუკეთესო ტრენერის წოდება მიიღო, მაგრამ აქ არ შეჩერებულა.

რიფსიმე – ეკონომისტი, ფინანსების სპეციალისტი, ბუღალტერი, თუმცა ეს პროფესია მისი პირველი არჩევანი არ ყოფილა:

„თავდაპირველად სამედიცინოზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მე-9 კლასში გადავიფიქრე, რადგან ვგრძნობდი, რომ მათემატიკა და ენები უფრო მომწონდა. ამიტომ ეკონომიკა ავირჩიე და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე“.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ახალაქალაქში დაბრუნდა და ბანკში დაიწყო მუშაობა, პარალელურად დაუსწრებელ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. თუმცა სამუშაოსა და სწავლას თან ოჯახიც დაემატა.

„როცა გავთხოვდი ბანკში ვმუშაობდი. ყველას ესმის იქ როგორი რეჟიმია: ძალიან გვიან ვბრუნდებოდი სახლში, პლიუს მაგისტრატურაზე ვსწავლობდი. გავთხოვდი და გაკვეთილებზე ორსული დავდიოდი, შემდეგ კი ბავშვთან ერთად ვმუშაობდი“.

ripsime2

დღეს რიფსიმეს ორი შვილი ჰყავს.

რიფსიმე გვიჩვენებს, რომ სამსახური და ოჯახი ერთმანეთს ხელს არ უშლის და ახალგაზრდებს ასე ამხნევებს: “ყველაფერს თავისი დრო აქვს, მთავარია სურვილი და მონდომება.”

ბავშვებთან არარეგულარული გრაფიკისა და ბანკის მძიმე დატვირთვის შეთავსება ძნელი გამოდგა. შემდეგ ბუღალტერიის შესწავლა დაიწყო და ფინანსებში ჩაერთო, რადგან ბანკში კლიენტებისგან გაიგო, რომ კარგი ბუღალტერი სჭირდებოდათ, მაგრამ ვერავინ იპოვეს.

საჯარო სექტორიდან რიფსიმე კერძო სექტორში გაზის გამანაწილებელ კომპანია SJGC-ში გაწევრიანებით გადავიდა. კერძო კომპანიაში მუშაობამ საშუალება მისცა ერთდროულად სხვა კლიენტებთანაც ემუშავა, მათ შორის ტანსაცმლის, სასურსათო მაღაზიებსა თუ ქარხნებთან.

2018 წლიდან რიფსიმე ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ფინანსებს ასწავლის. გასულ წელს ის საუკეთესო ტრენერად აირჩიეს. კონკურსი ზრდასრულთა განათლების ცენტრში მის დირექტორებსა და თანამშრომლებს შორის ჩატარდა.

“არსად არ მიმიმართავს, დამირეკეს და მითხრეს, რომ წლის საუკეთესო ტრენერად ამირჩიეს.”

ripsime3

ყოველთვის კომპეტენტური რომ დარჩეს, რიფსიმე ფასიან ტრენინგებსაც რეგულარულად ესწრება. პროფესიული განვითარებისთვის გვირჩევს: „rs.ge-ზე შემოსული ყველა წერილი უნდა წაიკითხოთ. სხვადასხვა ჯგუფსა და Facebook ფორუმში ვარ გაწევრიანებული. იქ ფინანსისტები ინფორმაციას აზიარებენ. თქვენც ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ჩვენ ციფრებთან და ფულთან ვმუშაობთ”.

რიფსიმეს სხვა ჰობისთვის საკმარისი დრო არ აქვს, რადგან უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს და სამეცნიერო სტატიებსაც წერს, რომელთაგან ორი უკვე გამოქვეყნებულია. მან დაამსხვრია მითი, თითქოს სომხური განათლებით საქართველოში, კერძოდ, ახალქალაქში სამუშაოს შოვნა შეუძლებელია.

„ახალქალაქის უნივერსიტეტიდან რომ ჩამოვედი, ქართული საერთოდ არ ვიცოდი და ბანკში მუშაობისას ვისწავლე. ჩამოვედი თ არა, სამსახური ვიშოვე. შეიძლება პატარა ქალაქში დიდი შესაძლებლობები აღმოაჩინო“, – ჰყვება იგი.