ბათუმელი გიორგი პოღოსიანი 18 წლისაა. მცირე ასაკის მიუხედავად, სიცოცხლისთვის იბრძვის, მაგრამ ამისთვის ფინანსური დახმარება სჭირდება, რათა მკურნალობა საფრანგეთში გააგრძელოს.
გიორგის მე-4 ხარისხის ჰოჯკინის ლიმფომა აწუხებს, რომელსაც საქართველოში არ მკურნალობენ. ქართველმა ექიმებმა საფრანგეთში მკურნალობა ურჩიეს, რისთვისაც 25 000 აშშ დოლარი სჭირდება.
ჰოჯკინის ლიმფომა ლიმფომის ტიპია, რომელიც სპეციალური ტიპის სისხლის თეთრი უჯრედებისგან წარმოიქმნება, რომელსაც ლიმფოციტები ეწოდება, მთავარი სიმპტომი კი წონის კლებაა. მკურნალობის მიმართულება ჩვეულებრივ კიბოს სირთულის ხარისხზე და დადებითი ნიშნების არსებობაზეა დამოკიდებული. ჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით არის შესაძლებელი. IV სტადიაზე კიბო უკვე ფართოდ არის გავრცელებული.
საფრანგეთში მკურნალობის გასაგრძელებლად მხოლოდ 25 დღე დარჩა, ამის შემდეგ მკურნალობა ეფექტური აღარ იქნება.
გიორგის დედა Jnews-სთან საუბარში ჰყვება, რომ შვილის ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ ორი თვის წინ გაიგეს. გიორგის თურქეთში კომპლექსური ოპერაცია ჩაუტარდა. ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო, სარეაბილიტაციო ეტაპი საქართველოში გაიარა.
გიორგი ამჟამად თბილისში იმყოფება და ქიმიოთერაპიას გადის.
„ჩემი შვილის ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ 2 თვის წინ გავიგეთ. გვერდი სტკიოდა, გადავწყვიტე გამოკვლევაზე წამეყვანა და დაავადების შესახებაც გავიგეთ. ბათუმიდან სასწრაფოდ თურქეთში გადავიყვანეთ, სადაც ოპერაცია გაუკეთდა და გვითხრეს, რომ ქიმიოთერაპია სჭირდებოდა, მაგრამ ამდენი ფული აღარ გვქონდა და ქიმიოთერაპია საქართველოში გავუკეთეთ. პირველი თერაპია 14 აპრილს ჩაუტარდა. მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, ძალიან სუსტადაა და საავადმყოფოდან არც უშვებენ. არ ვიცი საფრანგეთში როგორ ჩავალთ, ამხელა გზას როგორ გავივლით“, – ამბობს გიორგის დედა.
გიორგის დედა დახმარებისთვის ყველა კეთილ ადამიანს მიმართავს.
„დრო ძალიან ცოტაა, ყოველი ლარი, რომელსაც გასცემთ, სიცოცხლეა. ყველას ვთხოვ, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგვეხმაროთ. ვიცი, რომ ამ თანხის შეგროვება შეუძლებელი არ არის. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ შეუძლებელი არაფერია, დღეს კიდევ უფრო მჯერა, რომ თქვენ შეგიძლიათ მე და ჩემს შვილს ამ რთულ და საბედისწერო ბრძოლაში შემოგვიერთდეთ”.
გიორგის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა მოცემულ საბანკო ანგარიშებზე გაგზავნონ:
GE52BG0000000538497217 – გიორგი პოღოსიანი საქართვეო ბანკი
GE15TB7044845068100027 – გიორგი პოღოსიანი TBC