ის სტუდენტები, რომლებიც სწავლას სომხეთში აგრძელებენ, შიშობენ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ სამსახურის შოვნა გაუჭირდებათ. ამიტომ ზოგიერთი მათგანი სწავლის დამთავრების შემდეგ სომხეთში რჩება და იქ აგრძელებს მოღვაწეობას. სხვები უფრო მტკიცენი არიან, ფიქრობენ, რომ დაბრუნების შემდეგ, თუნდაც თავიანთი პროფესიით არ იმუშაონ, აუცილებლად ექნებათ საშუალება ისწავლონ სახელმწიფო ენა და ამავდროულად სამუშაოს გარეშე არ დარჩებიან.
2018 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სუზანნამ სწავლა სომხეთის ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისტორიის სპეციალობით განაგრძო.
„მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, რომ თუკი სომხეთის უნივერსიტეტს დაამთავრებ, საქართველოში მუშაობას ვერ შეძლებ, არასწორია, რადგან უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჯავახეთში დავიწყე მუშაობა და კულიკამის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელი, ხოლო ახალქალაქის ახალგაზრდულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სომხეთის ისტორიის მასწავლებელი ვარ“, – ამბობს სუზან ნააივაზიანი.
სომხეთიდან დიპლომით დაბრუნებული სტუდენტების უმეტესობას საჯარო და კერძო სექტორში სამუშაოს მისაღებად სახელმწიფო ენის ცოდნა მოეთხოვებათ. ამიტომ ბევრი მათგანი იწყებს მის შესწავლას.
„უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ბევრ სირთულეს წავაწყდი, ყველაზე რთული სომხეთის ისტორიის არ ცოდნა იყო, რადგან ქართულ სკოლებში სომხეთის ისტორიას არ ვსწავლობთ, მაგრამ იმ დროს თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: არ არსებობს არანაირი გადაულახავი სირთულე, როცა გჯერა შენი შესაძლებლობების, იბრძოლე მანამ, სანამ არ მიაღწევ დასახულ მიზანს“, – აღნიშნავს სუზანნა.
მუშაობის პარალელურად ონლაინ-ციფრულ მარკეტინგს და ჟვანიას სკოლაში ქართულს სწავლობს.
„ქვეყანაში მცხოვრებმა ამ ქვეყნის ოფიციალური ენა უნდა იცოდეს და ამ შემთხვევაში ქართული“,- ასკვნის სუზანნა აივაზიანი.
სტუდენტთა უმრავლესობა, რომლებიც სწავლას საქართველოს უნივერსიტეტებში აგრძელებს, ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადის და 4 წელი ამ ენაზე სწავლობს, სახელმწიფო ენას ეუფლება და სკოლის დამთავრების შემდეგ დასაქმებას ცდილობს. მაგრამ ხშირად, გარდა სახელმწიფო ენის ცოდნისა, დამსაქმებლებს საკმარისი სამუშაო გამოცდილება სჭირდებათ, რაც უმაღლესი სასწავლებლიდან ახლახან გამოსულ სტუდენტებს არ აქვთ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბუღალტერიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ახალქალაქში დაბრუნების შემდეგ მუშაობის სურვილი გამიჩნდა, თუმცა საკმაო სამუშაო გამოცდილების არქონის გამო ჩემი არჩეული და ძალიან საყვარელი პროფესიით ვერ ვიმუშავე. ამიტომ ვცდილობდი სხვა პროფესიით მანამ დავკავებულიყავი, სანამ საკმარის გამოცდილებას არ მივიღებდი და ბუღალტერად მუშაობას შევძლებდი“, – ჰყვება ტირუი პეტროსიანი.
როგორც არ უნდა ცდილობდნენ უნივერსიტეტები აბიტურიენტებთან პრაქტიკული სამუშაოს ჩატარებას, თეორიული ნაწილი მაინც ჭარბობს და არ არის საკმარისი, რომ სწავლის დამთავრებისთანავე დასაქმდე. სტუდენტებს დამატებითი პრაქტიკული კურსები სჭირდებათ, რათა მომავალში პროფესიონალები გახდნენ.
„ბოლო წელს, როცა პანდემია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, პრაქტიკული სამუშაოს შესრულება ონლაინ ფორმატში მოგვიწია. მაგრამ, თუნდაც დისტანციური არ იყოს, მაინც ვეთანხმები იმას, რომ თეორიული ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული სამუშაო უნდა გვქონდეს, რომ მომავალი სამუშაოსთვის საკმაო გამოცდილება მივიღოთ. ახლა ჩემი კოლეგისგან ბევრს ვსწავლობ, რასაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ბუღალტერიაში“, – განმარტავს ტირუი.
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები თვლიან, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, უპირატესობა აქვთ იმ სტუდენტებთან შედარებით, რომლებიც სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებენ.
„ვფიქრობ, საქართველოში განათლების მიღება ძალიან სწორი არჩევანი იყო, რადგან, როგორც საქართველოს მოქალაქეს და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს, საქართველო ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს. გვაქვს საშუალება ვისწავლოთ სახელმწიფო ენა, შემდეგ კი ის პროფესია, რომელიც გვინდა. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი. სწავლის პარალელურად ვმუშაობ ენის ცენტრებში, სადაც ინგლისურს ვასწავლი როგორც სომეხ, ისე ქართველ სტუდენტებს. ვფიქრობ, საქართველოში რომ არ მესწავლა, ამ ქვეყნის საზღვრებში ვერ დავინახავდი იმ პერსპექტივას, რასაც ახლა ვხედავ“, – განმარტავს მარიეტა კუჯოიანი.
ჟანა ჩოკანდარიანი