13 აპრილს ახალქალაქის ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრში გენდერული ფესტივალი გაიმართა, რომელმაც პროექტის „გენდერი ფოკუსში: ქართული თემები ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის“ შედეგები შეაჯამა.
პროექტს გენდერი ფოკუსს ახალქალაქში 2022 წლიდან DVV-International არასამთავრობო ორგანიზაცია “ზრდასრულთა განათლების” ცენტრთან პარტნიორობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში კი სხვადასხვა აქტივობა მომზადდა.
ფესტივალმა პროექტის აქტივობები და შედეგები შეაჯამა.
„პროექტის მსვლელობისას რამდენიმე კომპონენტი შესრულდა: ტრენინგები, რომლებიც სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის ტარდება – რა არის გენდერი, რას მოიცავს იგი, რა აქტივობები უნდა განხორციელდეს სამოქალაქო საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობისთვის, ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი გენდერულ საკითხებზე და გენდერული ფესტივალი, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავდა – გენდერულ საბჭოებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა, მეწარმე ქალთა აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განმარტა “ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის” დირექტორმა შორენა თეთვაძემ.
მისი თქმით, პროექტის დახმარებით ქალები გააქტიურდნენ და სხვადასხვა პროექტების წერა დაიწყეს.
„მათთან პროექტების წერაზეც ვიმუშავეთ და შედეგები უკვე თვალსაჩინოა. მონაწილეებს შორის არიან გამარჯვებულები, რომლებმაც პროექტებისთვის დაფინანსებაც მიიღეს“, – აღნიშნა შორენა თეთვაძემ.
სტუმრებისთვის ღონისძიებაზე მოეწყო ალაფურშეტი სასმელებით, ცენტრის მონაწილეთა და ქუჩის მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ორი ფილმის ჩვენება – “სორაიას ჩაქოლვა”, რომელიც გენდერული დისკრიმინაციის საკითხს ეხებოდა და “განთავისუფლება”, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციაზე საუბრობს.
სიტყვით გამოვიდნენ სედა მელკუმიანი, დალი აღდგომელაძე, ანაიდა ასატურიანი. ხაზი გაუსვეს ქალთა აქტიურობის, ტრადიციული გენდერული სტერეოტიპებისგან თავის დაღწევის მნიშვნელობას და ზოგადად, ქალების წვლილის ძალას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.