რთული ოჯახური ცხოვრება, შვილად აყვანა და მარტოსული სიბერე – ნინა ბებია ამ ყველაფერში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს, თუმცა მომხდარიდან ცხოვრებისეული გაკვეთილი მიიღო.
ნინა ბებიას მაშინ შევხვდით, როცა ჩანთით ხელში მაღაზიაში მიდიოდა. 80 წლის ნინა პეტროსიანი სოფელ თოთხამის განაპირას, სოფელ კორხის შესასვლელთან ცხოვრობს. სახლისკენ მიმავალ გზაზე მარტოხელა, წითელსახურავიან სახლზე მიუთითებს, რომელთანაც სამი ხე დგას.
ეზოში მამალი და ქათმები დადიან. ბებია ჩიოდა, რომ მათი შერეკვა დაავიწყდა: „ნახევარი წაიყვანეს, ცოცხალს აღარაფერს ტოვებენ“.
პირდაპირ სამზარეულოში შედიხარ, სადაც ბეტონის იატაკზე კარადები და სხვადასხვა ჭურჭელი გხვდება, ძველ ავეჯს შორის ნაცრისფერი სარეცხი მანქანა დგას. სამზარეულოს შემდეგ ერთი ოთახიდან მეორეში გადიხარ. პირველ ოთახში შეშის ღუმელი, მაგიდა, ტელევიზორი და საწოლია. ამ ოთხ კედელში ატარებს მოხუცი ქალი მთელ დროს.
პეტროსიან ნინა 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისს დაიბადა. როგორც ის ამბობს, ომის წელს დაბადებული ცხოვრება ბრძოლაშივე გაილია. ბებია ნინა ახალქალაქის სოფელ ხორენიაში დაიბადა. მისივე თქმით, როგორც კი მე-7 კლასი დაამთავრა გაუაზრებლად გათხოვდა.
„მოტყუებით დამაქორწინეს. სიმართლე მოგვიანებით შევიტყვე: ციხეში იჯდა, მაგრამ რატომ არ ვიცი. ეს რომ მცოდნოდა, ცოლად არ წავყვებოდი. ქორწილი სასწრაფოდ გადაიხადეს. 4 თვე ვიცხოვრეთ ერთად. მერე ჯარში გაიწვიეს. დაბრუნების შემდეგ 5 წელი კვლავ ციხეში იჯდა, პირობითი სასჯელი ჰქონდა, რადგან პოლიციელს დაარტყა. მითხრა, ეს დრო აღარ დავლოდებოდი. მაგრამ ვუპასუხე, რომ მიყვარდა და ასე ვერ მოვიქცეოდი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ უარესად მეპყრობოდა. საშინლად ეჭვიანობდა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალს მეძახდა. მე და დედამთილს გვცემდა. ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი იყო, ფოტო აღარ დარჩა, ქმარმა ყველაფერი დახია, საფლავის ქვისთვისაც კი აღარ მაქვს ფოტო,” – ჰყვება ის.
მეუღლე 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, მანამდე კი ყველაფერი გაყიდა, რაც ნინას ბებიას ჰქონდა, მათ შორის ოქროულობა.
„ოქრო გაყიდა, მუდმივად სვამდა. ამბობდა, იმიტომ ყიდდა ყველაფერს, რომ აღარაფერი დამრჩენოდა.”
ნინა პეტროსიანისთვის კიდევ ერთი ტკივილი უშვილოდ დარჩენაა.
„ჩემი ქმარი უნაყოფო იყო და ბავშვის აყვანა შევთავაზე. უარი მითხრა, მაიძულა მემუშავა და თან ყველაფერი მიჰქონდა. კარტოფილს და სხვა დანარჩენს ყიდდა, სვამდა და თავის ნებაზე დადიოდა. რუსეთიდან ქალები ჩამოჰყავდა. სწორედ მაშინ უნდა გადამეწყვიტა ჩემი ბედი, ახლა კი სინანული გვიანია, დამნაშავე მე ვარ”.
80-იანი წლების დასაწყისში შვილის აყვანა მაინც გადაწყვიტეს.
„უკრაინაში, სიმფეროპოლში წავედით და იქ გოგონა ვიშვილეთ. რუსულად ლაპარაკობდა, არ ვიცი რა ეროვნების იყო. ახლა 40 წლისაა, როცა ვიშვილეთ 2-3 წლის იყო. ძალიან ჭკვიანი გოგოა, ვალედან სომეხზე გაქორწინდა და სამი შვილი ჰყავს. არც ისე ხშირად ჩამოდის, შორს ცხოვრობს და საკუთარი საზრუნავიც ჰქოფნის. თავიდანვე იცოდა, რომ ნაშვილები იყო. ჩემმა მეუღლემ ამის დავიწყების საშუალება არ მისცა, ყვიროდა, რომ მისი დედა არ ვიყავი”.
ქალიშვილის გარდა ბებიას ნათესავებიც ჰყავს, უფროსი და ხაშურში, უმცროსი და კი ხორენიაში ცხოვრობს. 6 დის და 2 ძმის მხრიდან უამრავი ნათესავი ჰყავს, მაგრამ ყველას თავისი საზრუნავი აქვს.
ასაკისა და ტკივილის მიუხედავად, ნინა ბებიას ენთუზიაზმი არ დაუკარგავს და ცხოვრება მაინც უყვარს. თუმცა მოსაგვარებელი პრობლემები ჯერ კიდევ დარჩა.
„არსად წასვლის მეშინია, თუმცა ქურდები მოვიდნენ და 500 ლარი, ის ფული მომპარეს პენსიიდან რომ ვაგროვებდი. მტვერსასრუტი, 2-3 სათლი მარცვლეული, ორი გაზის ავზი და წვრილმანები წაიღეს. ეს ახალ წლამდე მოხდა. რამდენიმე ადამიანზე მაქვს ეჭვი, მაგრამ თავად არ მინახავს და ვერავის დავაბრალებ. პოლიციასაც მივმართე, უბნის პოლიციის თანამშრომელს დავურეკე, მითხრა, რომ დამნაშავეებს ეძებენ. სოფლის სპეციალისტსაც მივმართე, მაგრამ უშედეგოდ“.
ზამთარში შეშის ღუმელით თბება, თუმცა გაზი აქვს, ბებია ნინამ აღიარა, რომ გაზქურის დამონტაჟების ეშინოდა. მისთვის კიდევ ერთი პრობლემა წყლის ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში წყლის პრობლემა ისედაც დგას, ნინა ბებიას წყალი ბოლო დროს გაყინულია.
„სახლში მქონდა წყალი, სარეცხი მანქანაც ვიყიდე. ახლა კი აღარც წყალია და ვერც ტექნიკა მუშაობს. ერთხელ მოვიდა სპეციალისტი და მითხრა, ნაკლები წყალი მომეშვა, ასეც მოვიქეცი და სწორედ ამიტომ გაიყინა წყალი. 3 თვეა აღარ მაქვს. რა ვქნა? ვის მივმართო? ყველაფერი ჩემი ბრალია”, – ამბობს ნინა პეტროსიანი.
80 წლი თოთხამის მკვიდრი ასეთ დასკვნამდე მივიდა:
“მოზარდს ქმარი მცემდა, მაგრამ მაინც მიყვარდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ცხოვრება ასე წარიმართა. ვინანე, რომ არ გავეყარე. მეშინოდა. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ რისკი საქმის ნახევარია. ახლა ვერარაფერს შევცვლი. საკუთარი ცხოვრება ყველამ თავად უნდა წარმართოს. მე ამის გაკეთება ვერ შევძელი”.