ახალქალაქელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჰაიკ მნაცაკანიანი 7 წლიდან სპორტითაა დაკავებული. ის ახალქალაქში დაიბადა და ბავშვობაში ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ამ სფეროში პირველი ნაბიჯები გადადგა. დღეს ის ბულგარეთის ჩემპიონი, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრების გამარჯვებული და პრიზიორია.
„ბავშვობიდან ჰიპერაქტიური ბავშვი ვიყავი, დედაჩემი თავშეკავებულობას მასწავლიდა. პირველად, მოსკოვში რომ გადავედით, შემთხვევით ვნახე ჭიდაობის დარბაზი, წავედი და დავრჩი. არავის ეგონა, რომ იქ დიდხანს გავრჩერდებოდი”,- ჰყვება ის.
თითქმის 20 წლის შემდეგ, ჰაიკი 2018 და 2019 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალოსანი, ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, 2019 და 2022 წლების ევროპის ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი, 2023 წლის ბულგარეთის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ჰაიკის თქმით, მის სპორტულ წინსვლაში დედამისმა დიდი როლი ითამაშა – მხარს უჭერდა და მოტივაციას აძლევდა, როცა ყველაფრის მიტოვება სურდა.
„ახალ ქალაქში გადასვლა რთული იყო, მაგრამ არასდროს უთქვამს „მორჩა, ვნებდებით“, ის ამბობდა „ყველაფერი კარგად იქნება“. ბევრჯერ მინდოდა ჭიდაობისთვის თავის დანებება, მაგრამ დედაჩემის ხათრის გამო არ დავტოვე. ოლიმპიადაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ დეპრესიაში ვიყავი და MMA-ზე მინდოდა გადასვლა. ვიფიქრე, ახლა ბოლო ტურნირს მოვიგებ და საქმეს მივატოვებ. გავიმარჯვე. შემდეგი შეჯიბრიც მოვიგე. ალბათ ეს ნიშანი იყო. როცა დედაჩემს ვუთხარი, რომ MMA-ში მინდოდა გადასვლა, მან მიპასუხა: “და ოლიმპიური თამაშები?”, – იხსენებს ჰაიკი.
2017 წელს ჰაიკი რუსეთიდან ბულგარეთში გადავიდა და ბულგარეთის დროშის ქვეშ ვარჯიშობს და ასპარეზობს. მისი ოჯახი მოსკოვში დარჩა და ის, შეიძლება ითქვას, ორ ქვეყანაში ცხოვრობს. ჰაიკი აღიარებს, რომ ოჯახის გარეშე ცხოვრება ემოციურად ძალიან რთულია.
”სპორტსმენების კორპუსში ვცხოვრობ. სიმართლე გითხრათ, უსახლკარო ადამიანივით ვარ, ხანდახან მეჩვენება, რომ ოჯახი არ მყავს, ძალიან იშვიათად მივდივარ იქ (მოსკოვში), მუდმივად ვვარჯიშობ. ირგვლივ ცხოვრება ერთფეროვანია, საღამოს სახლში ვბრუნდები და ვინმესთან საუბარი მინდა“, – აღნიშნავს იგი.
ამჟამად სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც აპრილში გაიმართება, და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მისი მთავარი მიზანი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებია.
ჰაიკს ბევრი რამ აკავშირებს ახალქალაქთან: ბავშვობა აქ გაატარა, მისი ბევრი ნათესავი და მეგობარი აქ ცხოვრობს და ხშირად ჩამოსვლაც უნდოდა. მშობლიურ მიწას, ბუნებას, მთებს ძალიან აფასებს, მაგრამ იგი აქაური მოსახლეობის მენტალიტეტისგან შორსაა.
„იქ ბევრმა ჯერ სიარული არ იცის, ქორწინდება და მშობლების კისერზე სხედან. ეს არასწორია. მამაკაცი მზად უნდა იყოს ოჯახის შექმნისთვის, შენახვისთვის. მან შენ უნდა გაგიგოს, შენ კი მას, და თანაცხოვრება საინტერესო უნდა იყოს. ჭორები კი არ მიყვარს“.
ჰაიკს ჯერ არ გადაუწყვეტია სად სურს ცხოვრება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს ნამდვილად არ იქნება მოსკოვი.
სპორტის გარდა, ჰაიკს ფსიქოლოგიაც აინტერესებს. მიაჩნია, რომ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს საკუთარი თავის, შეისწავლოს იგი და იცოდეს რა შეუძლია.
“არავისი არ მეშინია, უბრალოდ, ხანდახან ადრენალინს ვერ ვუმკლავდები. 5 ნახევარფინალი წავაგე. მაგრამ ვისთანაც დავმარცხდი, შემდეგ მოვუგე. ამბობენ, ვარჯიშებზე უნდა იშრომო, ხოლო თამაშზე მოდუნდე, რაც მართალია. თუ იტყვი, “მე უნდა შევძლო, მე უნდა შევძლო”, არაფერი გამოვა. უარყოფითი ფიქრები არ უნდა გაწუხებდეს და საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს”, – ამბობს ჰაიკი.
მიაჩნია, რომ დისციპლინა წარმატების მიღწევაში დიდ როლს თამაშობს.
„თუ ადამიანი დისციპლინებულია და ერთი წერტილს დიდხანს ურტყამ ჩაქუჩს, ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოუვა. ჩემთვის შეუძლებელი არაფერია – არის სურვილი, არის შეუპოვრობა, არის დისციპლინა – იარე წინ, მიაღწიე მიზანს”.