ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 30 მარტს ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობაზე კონტროლის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიიღო.
დეპუტატებმა დაამტკიცეს აქტი, რომლის მიხედვითაც, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან თვეში ერთხელ ის სამშენებლო სამუშაოები შეამოწმონ, რომელიც მერიის ნებართვით მიმდინარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მშენებლობებს ძირითადად ექსპლუატაციაში ჩაშვებისას, ან სამუშაოებისას ერთი-ორჯერ ამოწმებდნენ. მათ კონკრეტული გრაფიკი არ ჰქონდათ, ცვლილებების მიხედვით კი მშენებლობები ყოველთვიურად შემოწმდება.
აქტი იმ მშენებლობებზეც ვრცელდება, რომლებზეც მერია გასცემს ნებართვას. ეს შეიძლება იყოს კერძო ან ტენდერით გამოცხადებული მშენებლობა. დადგენილება არ ვრცელდება სახელმწიფო პროგრამებით განხორციელებულ მშენებლობებზე.